კარლ ჰარცელმა ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების პროცესში ჩართვისთვის მზადყოფნა გამოთქვა

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი, ევროკავშირთან ქვეყნის ორმხრივი თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები – ეს ის თემებია, რომელზეც ევროკავშირის ელჩმა და ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის დაფინანსებით COVID-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს.

ევროპელმა დიპლომატმა საჭიროების შემთხვევაში ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების პროცესში ჩართვისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

“მოხარული ვარ დღეს მინისტრთან შეხვედრით, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში. ჩვენ ერთად რამდენიმე საკითხზე ვმუშაობთ, განსაკუთრებით კოვიდთან დაკავშირებული გამოწვევების წინააღმდეგ. ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას სხვადასხვა საშუალებით ცდილობს. მათ შორის ჯანდაცვის საკითხების მიმართულებით, რაც მოიცავს სამედიცინო პერსონალისთვის აღჭურვილობის მიწოდების უზრუნველყოფას, რათა მათ ეფექტურად გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. ასევე ვაქცინაციის კამპანიასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად ვმუშაობთ, რომლის შესახებაც რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ, გარდა ამისა ჩართული ვართ “კოვაქს” პლატფორმაში. ასე, რომ დღეს კარგი დისკუსია გვქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით,”- აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა. 

მსგავსი თემები