„ნიკა მელიაზეა დამკიდებული მისი ბედი“ – მამუკა მდინარაძე

„შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში ოპოზიცია შევიდა, როგორც ჩვეულებრივი რადიკალური ოპოზიცია და გამოვიდა, როგორც „ანარქისტები“, რომლებიც ფიზიკურ ზეწოლას და დაპირისპირებას აანონსებენ“ – აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

“თავად ნიკა მელიაზეა დამოკიდებული მისი ბედი. კანონის აღსრულება არის ის ერთადერთი ქმედება, რომელზეც დამოკიდებულია ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების დამძიმება-არდამძიმების საკითხი. დღეს და წინა დღეების განმავლობაშიც, ისინი ცდილობდნენ წარმოეჩინათ, თითქოს მორალი კანონის აღსრულებასთან წინააღმდეგობაში მოდის. წარმოუდგენელია, არ შეიძლება მორალი იყოს კანონის ჩარჩოებიდან გასვლის მხარეს. ასეთი ლოგიკა ქაოსისკენ, სახელმწიფოს დანგრევისკენ არის მიმართული, ეს ძალიან კარგად იციან და ამას შეგნებულად აკეთებენ“ – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე შეფასებით, რასაც ისინი მხარდამჭერებსა და თანაგუნდელებს მოუწოდებენ, დაუშვებელია.

„დღესაც იგივე მოხდა, როდესაც ისინი შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში რაღაც შეკრებაზე შევიდნენ, როგორც ჩვეულებრივი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და გამოვიდნენ, როგორც ანარქისტები. ფიზიკურ ზეწოლას თუ დაპირისპირებას აანონსებენ, რისკენაც მოუწოდებენ თავიანთ მხარდამჭერებს თუ თანაგუნდელებს, ეს დაუშვებელია… ჰუმანურობის მიუხედავად, ხელისუფლება კანონის ჩარჩოებიდან გასვლას ვერ დაუშვებს და საზოგადოებრივ წესრიგს უზრუნველყოფს. ფაქტია, რომ ბოკერიას მიერ დაანონსებული რევოლუცია მათ გონებასა და აზროვნებაში ფრთებს ისხამს, მაგრამ რეალურად, ისინი მართლაც აცდენილები არიან დღევანდელ სიტუაციას და იმ მდგომარეობას, რაც ქვეყანაშია“,- განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები