თბილისში და რუსთავში 139 პოლიციელს ბინა გადაეცა

თბილისში და რუსთავში 139 პოლიციელს ბინა გადაეცა.შს მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა თბილისში, გლდანის რაიონში, ახლად აშენებულ კორპუსში ბინების მფლობელ პოლიციელებს მშენებლობის დასრულება მიულოცა და მათ ბინის გასაღები გადასცა.

“პროექტის ფარგლებში, სამინისტროს თანამშრომლებს შესაძლებლობა მიეცათ, შეღავათიან პირობებში მიეღოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები. პროექტის მიხედვით, პოლიციელებს სახელმწიფო უფინანსებს მშენებლობის ღირებულების 40%-ს, ხოლო დარჩენილ 60%-ს საკუთარი სახსრებით ან იპოთეკური სესხით ფარავენ. პროექტში მონაწილე ყველა პირი 77,4 კვ.მ ფართობის მქონე საცხოვრებელ ბინას „თეთრი კარკასის“ მდგომარეობით იღებს.

ყველა ახალაშენებულ კორპუსს აქვს შიდა და გარე საერთო სარგებლობის ავტოსადგომი და გამწვანებული გარე პერიმეტრი.

ბინათმშენებლობის პროექტით შეღავათიან ფასებში ბინის შეძენის მსურველები შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შექმნილმა კომისიამ შეარჩია, შემდეგ კი კანდიდატებს შორის გამარჯვებულები ლოტოტრონის პრინციპით შეირჩა.

ამ ეტაპზე, ბინები საკუთრებაში გადაეცა თბილისში – 83 პოლიციელს და რუსთავში – 56 პოლიციელს. ბათუმში ბინათმშენებლობის პროცესი გრძელდება,” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები