საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფი მეორე შეხვედრას გამართავს

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფი დღეს მეორე შეხვედრას გამართავს.

მემორანდუმის საფუძველზე უკვე შემუშავებულია კანონპროექტის პირველადი ვერსია. რეფორმა რამოდენიმე მიმართულებას ითვალისწინებს. კერძოდ, შეიცვლება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი და მხოლოდ პროფესიული ნიშნით დაკომპლექტდება, პარტიებს კი ეყოლებათ წარმომადგენელი, რომელსაც სათათბირო ხმა ექნება. მეორე მიმართულება ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების მეტად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ცვლილება ასევე შეეხება საარჩევნო დავების საკითხს.

მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ სამუშაო ჯგუფში მონაწილე მხარეებთან შეთანხმება შედგება.

ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პროექტში გათვალისწინებულია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უცხოელი პარტნიორების რეკომენდაციები.

„როგორც ვიცით, ორშაბათს გაიმართა საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის პირველი შეხვედრა. დღეს გაიმართება ამ ჯგუფის მეორე შეხვედრა. ამასობაში ჩვენ ამ სამუშაო ჯგუფის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან მივიღეთ გარკვეული წინადადებები და რეკომენდაციები. მემორანდუმის საფუძველზე უკვე შემუშავდა კანონპროექტის პირველადი ვერსია, რომელსაც დღეს განვიხილავთ, სამუშაო ატმოსფეროში გვექნება და დარწმუნებული ვართ, ბევრ საკითხზე შევჯერდებით. საარჩევნო რეფორმის პროცესში არის რამდენიმე მიმართულება, რომელიც არის ძირითადი და მნიშვნელოვანი. პირველი ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი. იცით, რომ მემორანდუმის საფუძველზე მოხდება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება მხოლოდ პროფესიული ნიშნით და არ იქნება პარტიული ნიშანი. პარტიებს ეყოლებათ წარმომადგენლები, რომლებსაც ექნებათ სათათბირო ხმა. ამ კუთხით იყო თანხმობა სამუშაო ჯგუფში, რომ სწორია არის ასეთი მიდგომა და ჩვენ დღეს ამ კანონპროექტის პირველად ვერსიაში გვექნება გაწერილი წესი, თუ როგორ მოხდება ადმინისტრაციის დაკომპლექტება. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს უფრო მეტად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. იცით, რომ ოთხი ერთზე და ორი ერთზე თანაფარდობები იქნება. მაგალითისთვის, თბილისში დღესდღეობით საკრებულო შედგება 50 წევრისგან. აქედან 25 არის მაჟორიტარი და 25 პროპორციული წესით არჩეული. ხოლო შემოთავაზებული რედაქციით, 40 იქნება პროპორციული და 10 იქნება მაჟორიტარი. ასევე იქნება გადანაწილებული რეგიონებშიც უფრო მეტად პროპორციულის სასარგებლოდ. გარდა ამისა, გვექნება ასევე საუბარი საარჩევნო დავების საკითხებზე და ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაც მემორანდუმშიც იყო გათვალისწინებული, შემოთავაზებულ რედაქციაში არის შემდეგი ჩანაწერი, რომ მოხდება უბნების ათი პროცენტის გადათვლა, თუკი არსებობს განცხადებები. ფაქტობრივად, ავტომატურ დონეზე იქნება ეს აყვანილი. მოხდება ოლქში მინიმუმ ხუთი უბნის გადათვლა. მაგალითად, თუკი იქნება შემოთავაზებული საჩივრები ხუთზე მეტ უბანზე, მინიმუმ ხუთი უბანი გადაითვლება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ამით გამოირიცხება ყოველგვარი პრეტენზია მანიპულაციასთან დაკავშირებით და ასევე, ნდობის კუთხით აქ მნიშვნელოვანია, რომ ფაქტობრივად ჩვენ გვექნება საარჩევნო უბნების ათი პროცენტის ავტომატურად გადათვლის შესაძლებლობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ჯგუფის მიერ მომზადებული რეფორმა იმ მემორანდუმს ეფუძნება, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის დაიდო. ამ დოკუმენტის შესაბამისად, საარჩევნო რეფორმა ფუნდამენტურად უნდა გატარდეს. პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, ცვლილებების ინიცირება პირველ მარტამდე უნდა მოხდეს, მისი დამტკიცება კი პირველ მაისამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, მისი პარტია პარლამენტს დატოვებს.

მსგავსი თემები