კორონავირუსი სკოლის თანამშრომელთა 0,5%-ს დაუდასტურდა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო და კერძო სკოლებში სავალდებულო ტესტირება 46 300 მასწავლებელსა და ადმინისტრაციის თანამშრომელს ჩაუტარდა. ვირუსი კი მხოლოდ 0,5%-ს დუდასტურდა.

“ინტენსიური ტესტირების შედეგად, 2 კვირის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით Covid-19 მასწავლებელთა და სკოლის თანამშრომელთა 0,5%-ს დაუდასტურდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე, დაავადების უსიმპტომოდ მიმდინარეობის შემთხვევაში, ინფიცირებულ მასწავლებელთან შეთანხმებით, მისი საგანი დისტანციურ ფორმატში გადადის.

გარდა ამისა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე.

ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე, მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო ტესტირება ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. პროცესს სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს.

სავალდებულო ტესტირებისათვის სკოლის ადმინისტრაციამ სკოლაში დასაქმებული ყველა პირი დაარეგისტრირა ბმულზე: https://labour.moh.gov.ge, ხოლო სამედიცინო ლაბორატორიების მიერ პერსონალის ტესტირების პროცესი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ჩართულობით მიმდინარეობს”, – ვკითხულობთ სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები