15-დან ბრიტანეთში შესვლა მკაცრდება – საქართველოს საელჩოს გაფრთხილება

ვისაც 72 საათიანი ტესტის უარყოფითი პასუხი არ ექნება, 500 გირვანქა სტერლინგით დაჯარიმდება. ვინც თვითიზოლაციის წესებს დაარღვევს, 10 000 გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევს.

საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში, მოქალაქეებს გაერთიანებულ სამეფოში საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლის რეჟიმის ცვლილების შესახებ აფრთხილებს.

„მედიაცენტრი მთავარი“ საელჩოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! 15 თებერვლიდან გაერთიანებულ სამეფოში საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლის რეჟიმი იცვლება. კერძოდ:

ინგლისი – ინგლისში გამომგზავრებამდე ყველა პირმა უნდა: ბოლო 72 საათის განმავლობაში გაიკეთოს ვირუსით ინფიცირების PCR-ტესტი, რომლის უარყოფითი პასუხი შემდგომ საზღვარზე უნდა წარმოადგინოს ინგლისში ჩასვლისას; დაჯავშნოს და შეიძინოს ტესტირების სამგზავრო პაკეტი (ქვემოთ იხილეთ ბმული), რაც მოიცავს კარანტინის (თვითიზოლაციის) მე-2 და მე-8 დღეს გასაკეთებელი ტესტის საფასურს (ჯამში 210 გირვანქა სტერლინგი); შეავსოს მგზავრის ადგილმდებარეობის ფორმა, სადაც უნდა მიეთითოს კარანტინის (თვითიზოლაციის) გავლის მისამართი და ტესტირების ჯავშნის ნომერი.

ინგლისში ჩასულმა ყველა პირმა უნდა: გაიაროს 10-დღიანი თვითიზოლაცია; თვითიზოლაციის მე-2 და მე-8 დღეს გაიკეთოს ვირუსით ინფიცირების „PCR“ ტესტი; დაიცვას ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები (ე.წ. ლოკდაუნის წესები). კარანტინის (თვითიზოლაციის) გავლა შესაძლებელია: საკუთარ საცხოვრებელ ადგილას; მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან დარჩენით; სასტუმროში, რომელიც კარანტინის მართვის პროგრამაში მოქცეული არ არის. ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული ტესტის უარყოფითი პასუხის არწარდგენის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 500 გირვანქა სტერლინგით, ხოლო კარანტინის (თვითიზოლაციის) წესის დარღვევის შემთხვევაში პირს შესაძლოა დაეკისროს ჯარიმის გადახდა 10 000 გირვანქა სტერლინგის ოდენობით.

მგზავრის ადგილმდებარეობის ფორმის შევსებისას განზრახ ცრუ ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენა ისჯება კანონით. კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლამდე 10 დღის მანძილზე სხვა ქვეყნებში მოგზაურობის ისტორიის არაზუსტი აღწერის შემთხვევაში, პირს შესაძლოა მიესაჯოს ჯარიმის გადახდა 10 000-მდე გირვანქა სტერლინგის ოდენობით ან თავისუფლების აღკვეთა 10 წლამდე ვადით. ვრცლად: www.gov.uk.

შოტლანდია – შოტლანდიაში პირდაპირი ფრენით მიმავალმა ყველა პირმა უნდა: საზღვარზე წარმოადგინოს ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული ვირუსით ინფიცირების ტესტის უარყოფითი პასუხი; გამომგზავრებამდე დაჯავშნოს და შეიძინოს საკარანტინო სასტუმროში მართული იზოლაციის 10-დღიანი პაკეტი (კარანტინის პერიოდი აითვლება ჩასვლის მომენტიდან). პაკეტის ჯამური საფასურია 1 750 გირვანქა სტერლინგი (დამატებითი ზრდასრული პირის ან 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვისთვის – 650 გირვანქა სტერლინგი, ხოლო 5-12 წლამდე ასაკის ბავშვისთვის – 325 გირვანქა სტერლინგი); გამომგზავრებამდე შეავსოს მგზავრის ადგილმდებარეობის ფორმა, სადაც უნდა მიეთითოს საკონტაქტო ინფორმაცია, საბოლოო დანიშნულების ადგილი და კარანტინის პაკეტის ჯავშნის ნომერი. კარანტინის მე-2 და მე-8 დღეს გაიკეთოს ვირუსით ინფიცირების „PCR“ ტესტი; დაიცვას ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები (ე. წ. „ლოქდაუნის“ წესები). ვრცლად: gov.scot.

უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია – ამ ეტაპზე, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მიმართ კვლავ მოქმედებს სავალდებულო 10-დღიანი თვითიზოლაციის წესი, რომელიც ასევე მოიცავს წინასწარ მგზავრის ადგილმდებარეობის ფორმის შევსებისა და ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული ვირუსით ინფიცირების ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის ვალდებულებებს, თუმცა უახლოეს დღეებში ასევე მოსალოდნელია საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლის რეჟიმის ცვლილება (გამკაცრება). ვრცლად: უელსი – gov.wales; ჩრდილოეთ ირლანდია – nidirect.gov.uk.

გაერთიანებული სამეფოს (ოთხივე ქვეყნის) მიერ შემოღებული ზემოაღწერილი რეჟიმები არ ვრცელდება „საერთო სამგზავრო სივრციდან“ (ირლანდია და ჯერსის, გერნსისა და მენის კუნძულები) მომავალ პირთა მიმართ.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ბრიტანეთის მთავრობამ სამგზავრო მიმოსვლა შეწყვიტა 33 სახელმწიფოსთან (ე. წ. წითელი სია: www.gov.uk), სადაც ბოლო 10 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორიის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გაერთიანებულ სამეფოში შესვლა აკრძალული აქვთ“, – აღნიშნულია გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები