„ვინც ჩემს სასარგებლოდ თანხას შეიტანს, იქნება ჩემი მტერი“ – ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ის, დაკისრებული გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს. აღნიშნული განცხადება მან სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა და განმარტა, რომ ვინც მის ნაცვლად თანხას დაფარავს, მისი მტერი იქნება.

„ქართულ ოცნებაზე“ ორიენტირებულმა მედიამ პრაქტიკულად დაიწყო თითოეული ჩვენი პარტიის წევრის დარაჯი. ეკითხებიან ერთი და იგივე კითხვას, თითქოს არსებობს ვინმე მითიური მოქალაქე, რომელიც ნიკა მელიას  სასარგებლოდ გადაიხდის გირაოს. ძვირფასო მეგობრებო, კიდევ ერთხელ საჯაროდ მინდა განვაცხადო, ამ უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული საქმის ფარგლებში დაკისრებული თითქოს გირაოს გადახდას არ ვაპირებ იმიტომ, რომ ამ ყველაფრის კეთება ჩემი მხრიდან არის სირცხვილი და დანაშაულიც, პირველ რიგში, საკუთარ თავთან, რადგან ამის აუცილებლობა არ არსებობს, საქმე არის თავიდან ბოლომდე „შეკერილი“, – აღნიშნა მან სპეციალურ ბრიფინგზე.

ასევე, მიმართა “საქართველოს ბანკს,” ნუ გახდება ამ მაქინაციის მონაწილე.

„ე.წ. გავრილოვის საქმე თავიდან ბოლომდე „შეკერილია“. ეს ერთი და მეორეც, ფიზიკურად შეუძლებელია გადაიხადოს ნებისმიერმა მსურველმაც თანხა, მეც კი, რომც მინდოდეს. იმისთვის, რომ თანხის გადახდა მოხდეს, აუცილებელია სპეციალური უნიკალური კოდი, რომელიც ინახება პროკურატურაში და პროკურატურამ უნდა გადასცეს ან ე.წ. ბრალდებულს ჩემი სახით ან მის ადვოკატს. ჩვენ არ მიგვიმართავს პროკურატურისთვის ამ მოთხოვნით. შესაბამისად, ეს ყველაფერი ყველასთვს უცნობია. ანგარიში, რომელზეც თითქოს თანხის შეტანა უნდა მოხდეს, „საქართველოს ბანკს“ ეკუთვნის, მაგრამ ამ ანგარიშზე ვერავინ შეიტანს შესაბამის თანხას, თუ არ მექნება უნიკალური კოდი, რომელიც პროკურატურას აქვს.

მინდა თხოვნით და პატივისცემით მივმართო „საქართველოს ბანკს“, თუკი მოხდება შესაბამის ანგარიშზე ჩემს სასარგებლოდ გირაოს გადახდა, ეს იქნება ჩემი უფლებების შელახვა და მოგმართავთ თხოვნით, ეს არა მხოლოდ უფლებების, არამედ კანონის დარღვევაცაა. იმედია, ამის მონაწილე არ გახდება ჩემთვის საპატივცემულო დაწესებულება „საქართველოს ბანკი“. მივმართავ „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელობას, ძალიან გთხოვთ ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ“ – აღნიშნა მელიამ.    

შეგახსენებთ, რომ გირაოს თანხის გადახდა ხვალ იწურება. თანხის ოდენობა კი 40 000 ლარია.  

მსგავსი თემები