მელაშვილის განმარტებით, მას არასდროს უთქვამს, რომ დავით გარეჯი ჩვენი არ არის

დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული და გირაოს სანაცვლოდ გათავისიუფლებული ივერი მელაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურამ მისი განცხადებები დაჩეხა და არასწორი კონტექსტით წარმოაჩინა. საუბარია საქმის პროკურორზე, რომელმაც განაცხადა, რომ საქმეს ახალი მტკიცებულებები დაემატება, სადაც მელაშვილი თავად აცხადებს, რომ დავით გარეჯი ჩვენი არ არის.    

“პროკურატურა ცდილობს ყველა განცხადება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, ყველა კითხვას თავისი პასუხი აქვს. ძალიან ცუდად იყო გაგებული ჩემი სიტყვები, ამოჭრილია. არა ბატონო, დავით გარეჯი რომ ჩვენია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ეს ისტორიულად, კულტურულად, ეთნოგრაფიულად, ყველანაირად ასეა. მე მხოლოდ იმაზე მქონდა საუბარი, რომ ხმამაღალი განცხადებები ვნებს დელიმიტაციის პროცესს და არამხოლოდ დელიმიტაციის პროცესს. სამწუხაროდ, ცუდად იქნა აღქმული და გაგებული, იქ ვიღაცამ ისე გაიგო, თითქოს, მე სხვანაირად მიმაჩნია“ – განაცხადა ივერი მელაშვილმა პროკურორის საპასუხოდ.

ნატალია ილოჩოვას ადვოკატის გიორგი მახარაძის თქმით, მორიგი სასამართლო პროცესი 16 თებერვალს ჩაინიშნა. მან პროკურორის მხრიდან გაჟღერებულ ახალ მტკიცებულებაზეც ისაუბრა.

„ეს მათი უფლებაა, ჩვენც გვაქვს ანალოგიური შინაარსის მტკიცებულება დამატებული. საჯარო განცხადება შესაძლოა იყოს მტკიცებულება. ჩვენც გვაქვს ანალოგიური ინტერვიუები, საჯარო განცხადებები მტკიცებულებად წარმოდგენილი. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. არც ერთი ასეთი მტკიცებულება არ მიუთითებს არც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის და არც ბატონი ივერი მელაშვილის ბრალეულობაზე“, – აცხადებს ადვოკატი გიორგი მახარაძე.

მსგავსი თემები