სუბსიდირება თუ არა, პურის ფასი შესაძლო 0.50-0.70 ლარითაც გაძვირდეს

პურის მწარმოებლები სახელმწიფოსგან სუბსიდირების პროგრამაში ჩართვას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში გაძვირებული ტარიფებიდან და ნედლეულიდან გამომდინარე, ფასების ზრდას არ გამორიცხავენ. აღნიშნულ თემაზე „მედიაცენტრ მთავარში“ პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარემ  მალხაზ დოლიძემ ისაუბრა.

პრობლემა კი იმან შექმნა, რომ პურის მწარმოებლებმა  ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფების სუბსიდია ვერ მიიღეს, მიზეზი დისკომუნიკაცია და არასათანადო ინფორმირება გახდა.

„12 იანვარს სახელმწიფომ მიიღო დადგენილება, რათა ნაწილობრივ დასუბსიდირებულიყო ელექტროენერგიის საფასური მწარმოებლებისთვის. ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა სპეციალური პორტალი, მაგრამ სამწუხაროდ, სათანადო კომუნიკაცია არ შედგა, ბევრმა ვერ გაიგო ამ პორტალის შესახებ.  ყოველდღიურად იმატებს ცხიმის ფასი, მარილის ფასი, საფუარის ფასი. ოფიციალურად წერილით მივმართე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ვთხოვე მინისტრს, რომ დაგვეხმარონ ამ საკითხში, რადგან ამ პორტალმა სულ იმუშავა 14 დღე. 12 იანვარს გამოაცხადეს და 27 იანვარს დაიხურა. ამიტომ, პურის მწარმოებელთა დიდი ნაწილი აღმოჩნდა ამ სუბსიდირების გარეშე. ამან გამოიწვია გარკვეული უკმაყოფილებაც“ – განაცხადა მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე თქმით თუ სუბსიდირება არ განხორციელდა, ფასების ზრდა პურის ფასზეც იმოქმედებს.

„თუ მადლს შვები და გვიკეთებ ამ სუბსიდირებას, ქართულად რომ ვთქვათ, მარილიც მოაყარე და გაგვაგებინე, რომ ჩვენ ჩავერთოთ ამაში. ისე გამოვიდა მერე, რომ თითქოს მატარებელი წავიდა და ვინც ვერ მოასწრო, ვერ მოხვდა ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამაში. ვფიქრობ ეს პორტალი ხელახლა უნდა გაიხსნას, ყველას უნდა გავაგებინოთ და ერთი კვირა მაინც უნდა იყოს, რომ ნორმალურად შეძლოს ყველამ ჩართვა პროგრამაში. უკვე გაზრდილი ელექტროენერგიის გადასახადი მიუვიდათ მწარმოებლებს. აპრილამდე პურის ფასი არ შეიცვლება, მაგრამ შემდგომ ალბათ აისახება.   მწარმოებლებს გადასახადები უკვე გაზრდილი ტარიფებით მიუვიდათ, რაც მათთვის დიდი დარტყმაა. წყლის გადასახადიც საკმაოდ გაიზარდა. ელექტროენერგია გაიზარდა, ბუნებრივი ირი გაიზარდა, ნედლეული გაიზარდა, ყველაფერი გაძვირდა და ბუნებრივია, ეს პურის ფასებზეც აისახება. სუბსიდირება რომ არა, პურის თვითღირებულება 20-25 თეთრითაა გაზრდილი ამას სხვა ტარიფებიც რომ ემატება, ეს არის წარმოების ფასი. მაგრამ, წარმოების ფასი რომ მიდის ვაჭრობაში იქ სხვა ფასებიც ემატება და გზადაგზა უფრო ემატება. ის 0,25 ლარი შეიძლება 0,50 და 0.75 ლარიც გახდეს“ – განაცხადა მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“    

მსგავსი თემები