ევროსაბჭო ზაზა გახელაძის პატიმრობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა ოკუპანტების ტყვეობაში მყოფ ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს.

2021 წლის 9 თებერვალს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა საქართველოს საკითხზე, ტიტუს კორლატეანმა (რუმინეთი) და კლოდ კერნმა (საფრანგეთი) ღრმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძისთვის უკანონო პატიმრობის 12 წლით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.

მათი განცხადებით, ეს არის უკანონო სასამართლოს მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენი. თანამომხსენებლები დაუყოვნებლივ მოითხოვენ ზაზა გახელაძის გათავისუფლებას, ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ ცხინვალის რეგიონზე რუსეთის ფედერაციის, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის პასუხისმგებლობას, როგორც ეს აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის განჩინებაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულმა ცხინვალმა, დაკავებულ ზაზა გახელაძეს პატიმრობა 12 წლითა და 6 თვით მიუსაჯა. 

მსგავსი თემები