„ჩემი პასუხისმგებლიბაა, გაგაფრთხილოთ“ – რამდენ მაგნიტუდას გაუძლებს თბილისი?!

„ნაკლები ხარჯი და მეტი მოგება დეველოპერების მხარეს.  ასეთია დღევანდელი რეალობა, რომელსაც ჩვენი ქალაქი და ამ ქალაქის მოსახლეობა ეწირება. ეს არის კატასტროფა ამ ქალაქისთვის“ – აცხადებს „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი და სეისმოლოგი თეა გოდოლაძე „მედიაცენტრ მთავართან“.

როგორც სეისმოლოგი განმარტავს,  ქვეყანაში საკადრო შიმშილია, რასაც რთულ რეალობამდე მივყავართ.

„ეს არის ჩემი პირადი პასუხისმგებლობა, თქვენ ამის შესახებ გაგაფრთხილოთ. სამშენებლო ბიზნესის ასე თავის ნებაზე მიშვება არ შეიძლება და ამისი უამრავი მაგალითი არსებობს. რეალურად, დღეს ვერავინ გეტყვით, რამდენ მაგნიტუდაზეა თბილისის მშენებლობები გათვლილი და ეს ახალი კარპუსები რამდენ მაგნიტუდიან მიწისძვრას გაუძლებს, რადგან, აკეთებს ვინმე რამეს? რამე ორგანიზაცია აღრიცხავს? მონიტორინგზე მუშაობს?“ – განაცხადა გოდოლაძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

სეისმოლოგის თქმით, მსოფლიოს ქვეყნებს აღნიშნული მიმართულებით განსხვავებული მიდგომები აქვთ და დიდი მიწისძვრის შემდეგ, სპეციალური სამსახურებიც კი შექმნეს.

„არადა, ამაზე სპეციალური სამსახურები არსებობს მსოფლიოში. მაგალითად, თურქეთში, კოჯაერის მიწისძვრის შემდეგ, სპეციალური სამსახურები შექმნეს და მთელი მსოფლიო ჩაერთო ამ საკითხის მიმართულებით, შექმნეს „ონ საიტ ინსპექცია“, რომელიც სამშენებლო ინფრასტრუქტურის შემოწმებაზე მუშაობს. ჩვენ კი საკადრო შიმშილი გვაქვს ქვეყანაში, დარგის სპეციალისტები არ გვყავს და თუ ვინმე უკანასკნელი მოჰიკანია შემორჩენილი ამ დარგში, ფარად და „გამპრავებლად“ ჰყავთ ამოფარებული“ – განაცხადა სეისმოლოგმა „მედიაცენტრ მთავართან.“

მისივე თქმით, დღეს, მშენებლობები სეისმომედეგობაზე არ მოწმდება.       

მსგავსი თემები