„საზოგადოებამ განსაჯოს, ვინ არის ქვეყნისთვის „მავნებელი“ და ვინ რა შეფასებას იმსახურებს“ – თენგიზ ცერცვაძე

“ქვეყანაში კლინიკური სექტორი საათივით აწყობილად მუშაობს და პაციენტთა ნაკადები პრაქტიკულად იდეალურად იმართება“ – აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და იმ ადამიანებს პასუხობს, ვინც ჯანდაცვის სისტემას აკრიტიკებს.  

„რა ხდება საქართველოში? თუ პანდემიის პიკის პერიოდის 2-3 კვირას არ ჩავთვლით, ქვეყანაში კლინიკური სექტორი საათივით აწყობილად მუშაობს და პაციენტთა ნაკადები პრაქტიკულად იდეალურად იმართება. COVID საწოლების ფონდი საკმარისზე მეტია და მძიმე ავადმყოფების ჰოსპიტალიზაცია ყოველგვარი შეფერხების გარეშე ხდება. შეუფერხებლად და გამართულად ემსახურება მოსახლეობას სასწრაფო დახმარების სამსახური და ოჯახის ექიმების ქსელი. ძალიან ეფექტიანად მოქმედებს ქვეყნის მასშტაბით 65 „ონლაინ კლინიკა“ 2 ათასზე მეტი ოჯახის ექიმით“ – ამბობს ცერცვაძე.

მისი შეფასებით, პანდემიის კუთხით ჩართული კლინიკები თუ სასტუმროები, ყველა გამართულია და შეუფერხებლად მუშაობენ.  

„განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს უნიკალური „ონლაინ-კლინიკა“ სამინისტროში 300 ექიმით, რომელიც 7/24 საათის რეჟიმში ახდენს სხვა „ონლაინ-კლინიკების“ მონიტორინგს და კონტროლს, აგრეთვე იღებს ზარებს ყველა იმ პაციენტისგან, რომლებმაც ვერ მოახერხეს კომუნიკაცია სასწრაფოებთან ან თავის ოჯახის ექიმთან. პანდემიის ყველა ეტაპზე უაღრესად ეფექტიანად მუშაობდნენ ე.წ. კოვიდ სასტუმროები, რომელიც საქართველოს „know how“-ა. საქართველომ განვითარებადი ქვეყნებიდან ერთ-ერთმა პირველმა (პირველ ხუთეულში) შესძლო მიეღო COVID-19 ვაქცინის (და ისიც უმაღლესი ხარისხის) პირველი პარტია (30 ათასი დოზა), ხოლო მარტის თვეში კიდევ 214 ათას დოზას მიიღებს. ქვეყნის ხელმძღვანელობა შეზღუდული ეკონომიკური რესურსების გათვალისწინებით მაქსიმუმს აკეთებს, რათა როგორმე შეამსუბუქოს მდგომარეობა მოსახლეობის იმ ნაწილის, ვინც COVID-19-ის პანდემიით ეკონომიკურად ყველაზე მეტად დაზარალებულია. ყველაფერი ეს 100%-იანი სიმართლეა და საზოგადოებამ განსაჯოს, ვინ არის ქვეყნისთვის „მავნებელი“ და ვინ რა შეფასებას იმსახურებს“, – აცხადებს ინფექციონისტი.  

მსგავსი თემები