სემეკმა „იდუმალი მომხმარებლის“ კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) „იდუმალი მომხმარებლის“ კვლევის მორიგი შედეგები გამოაქვეყნა, – ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

განცხადების მიხედვით,  კვლევის ფარგლებში  შემოწმდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომპანიების მიერ მომხმარებლებზე გაწეული მომსახურებისა და სემეკის რეგულაციების შესრულების პროცესი. კვლევის შედეგების მიხედვით, კომპანიებში დაფიქსირებული დარღვევების უმეტესობა გამოსწორებულია, თუმცა, ვლინდება გარკვეული ტიპის განმეორებითი დარღვევები, რომელთა აღმოსაფხვრელად მათ 1- თვიანი ვადა განესაზღვრათ.

„კვლევის ფარგლებში შემოწმდა 11 კომუნალური კომპანიის –  სს „თელასის“, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, შპს „თბილისი ენერჯის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, შპს „ინტერგაზის“, შპს „თელავგაზის“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“, შპს „რუსთავის წყლის“ და შპს „ბათუმის წყლის“ მიერ მომხმარებელთათვის გაწეული მომსახურების პროცესი, კერძოდ, დაკვირვება განხორციელდა გამანაწილებელ ქსელებზე ახალი მომხმარებლის მიერთების, სიმძლავრის გაზრდის, აბონენტის მიერ პირადი ინფორმაციის მოთხოვნის, მომარაგების ტექნიკური ხარისხის შემოწმების, ელექტრონული ქვითრის, ტექსტური შეტყობინების,  გადაუხდელობის გამო მომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის, გეგმური წყვეტისა და ქოლცენტრის მომსახურებებზე.

კომპანიების მიერ აღმოიფხვრა მომსახურების ვადებთან, ელექტრონულ ჟურნალში ასახვის ვალდებულებასთან, ელექტრონული ქვითრის წარდგენის ვადებთან დაკავშირებული დარღვევები. ამასთანავე, კვლევის ფარგლებში გამოვლინდა როგორც საერთო, ისე ინდივიდუალური ხასიათის  დარღვევები, რომლებიც მოიცავს კომპანიების მხრიდან განცხადების მიღების, რეგისტრაციისა და მათზე რეაგირების პირობების დარღვევას, ასევე განაცხადის მიღებაზე  უარს. 

კომპანიის სერვის ცენტრებში სხვადასხვა მომსახურებებზე კვლევა განხორციელდა 2020 წლის აგვისტოდან ოქტომბრის პირველი ნახევრის ჩათვლით, ხოლო ქოლ ცენტრსა და დისტანციურ მომსახურებებზე – 2020 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე. სემეკის დაკვეთით, კველვა განახორციელა შპს „სერვის კონსალტინგ ანალიტიკური ჯგუფმა“. – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები