“დიდი სიფრთხილე გვმართებს, რათა შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, მობილობის მატებამ ვირუსის შემთხვევების ზრდა არ გამოიწვიოს” – თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დამაიმედებელია.

მისივე თქმით, დიდ სიფრთხელეა საჭირო, რათა შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, მობილობის ზრდამ ვირუსის შემთხვევების მატება არ გამოიწვიოს.

გაბუნია ისევ ამახვილებს ყურადღებას წესების დაცვის აუცილებლობაზე და აღნიშნავს, რომ პირბადე კვლავ მთავარი დამცავი საშუალებაა, ასევე მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცია და ხელის ჰიგიენა.

„ძალიან კარგია, რომ ეპიდემიოლოგიური სურათი სტაბილიზაციისკენ მიდის და დადებითობის მაჩვენებელი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დამაიმედებელია. შეზღუდვების მოხსნა დაანონსდა და დიდი სიფრთხილე გვმართებს, რათა მობილობის მატებასთან ერთად, ამან არ გამოიწვიოს შემთხვევების ზრდა. დაცვის საშუალება არის იმ წესების დაცვა, რომელიც ვიცით – პირბადე მთავარი დამცავი საშუალებაა, ასევე სოციალური დისტანცირება და ხელის ჰიგიენა. თუ არ გვინდა, თავიდან დავიწყოთ შეზღუდვებზე საუბარი, ეს წესები უნდა დავიცვათ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, გაბუნია განმარტავს, რომ სამედიცინო სექტორი კვლავ მობილიზებულია.

„საწოლფონდი ისევ ნარჩუნდება, თებერვლის ბოლომდე ჩვენ შევინარჩუნებთ მობილიზებული საწოლების იმ რაოდენობას, რაც საკმარისი იქნება, რათა თუ შემთხვევები მოიმატებს, ქვეყანა და ჯანდაცვის სექტორი იყოს მზად საპასუხო რეაგირებისთვის“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მთავრობის ადმინისტრაციამ 8 და 15 თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.

მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ბოლო შვიდი დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებელი შემცირდა ოთხ პროცენტამდე, შესაბამისად შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე იწყება.

მსგავსი თემები