“რესტორნებს, რომლებსაც სესხი აღებული აქვთ 2020 წლის პირველ დეკემბრამდე, სესხის პროცენტს დავუსუბსიდირებთ” – ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა, რაც სარესტორნო ბიზნესს საშუალებას აძლევს, სუბსიდირების პროგრამაში უფრო მარტივად ჩაერთონ.

მისივე თქმით, პროგრამის მეორე ეტაპისთვის განცხადებების მიღება 8 თებერვლიდან 5 მარტამდე გაგრძელდება.

მინისტრის თქმით, პროგრამა ითვალისწინებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას იმ რესტორნებისთვის, რომლებსაც სესხი აღებული აქვთ 2020 წლის პირველ დეკემბრამდე.

„პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ შესული ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანია იმ ბიზნეს ჯგუფებისთვის, ვინც მეტად დაზარალდა პანდემიის და შეზღუდვების გამო. პირველ რიგში, დავიწყებ აქტუალური საკითხით, რაც შეეხება რესტორნების ბიზნესს და კვების ინდუსტრიას, რომლებიც 15 თებერვლიდან ღია სივრცეებში შეძლებენ ფუნქციონირებას. მოგეხსენებათ, რამოდენიმე ხნის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავიწყეთ სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა სარესტორნო ინდუსტრიისთვის. პირველი შერჩევისთვის ძალიან დიდი ინტერესი იყო და 2 000-მდე რესტორანმა მოგვმართა, თუმცა გამოვლინდა გარკვეული ტექნიკური, იურიდიული ნიუანსები, რაც დაინტერესებული ობიექტებიდან ბევრს ხელს უშლიდა ამ პროგრამაში ჩართვაში. ჩვენ გადავხედეთ და გადავწყვიტეთ, საკმაოდ სერიოზული შემსუბუქებით გამოვაცხადოთ მეორე ეტაპი. რესტორნების განაცხადების მიღება დაიწყება 8 თებერვალს და გაგრძელდება 5 მარტამდე. ყველას, ვისაც ჯერ არ უსარგებლია ამ პროგრამით, ან ვერ ისარგებლა გარკვეული ხარვეზის გამო, შეეძლება ისარგებლოს“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, სუბსიდირების პროგრამა გავრცელდება როგორც ბანკებიდან, ისე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან აღებულ სესხებზე.

„ჩვენ ამ პროგრამას ვამატებთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, არამარტო ბანკის სესხის, არამედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სესხის მქონე ბიზნესებს – რესტორნებს შეეძლებათ მიიღონ მონაწილეობა სესხის პროცენტის სუბსიდირებაში. ასევე, თუ აქამდე ეს შეეხებოდა 2020 წლის პირველ მარტამდე აღებულ სესხებს, ახლა ეს იქნება 2020 წლის პირველ დეკემბრამდე აღებული სესხები. ეს სჭირდებოდა კვების ინდუსტრიას, დამატებითი სახსრები, საბრუნავი საშუალებები, ხელფასები რომ გადაეხადათ, გარკვეული საიჯარო ქირა რომ გადაეხადათ და ა.შ. ამიტომ ჩვენ უფრო მეტ სესხს და მეტ ობიექტს მოვიცავთ.

გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ითხოვდნენ რესტორნები, გადაიხედება თანაფარდობა ძირითადი საშუალებებითვის აღებულ სესხსა და საბრუნავი საშუალებებისთვის აღებულ სესხებს შორის. 80/20-ზე იყო, ანუ ძირითადი საშუალებები იყო უპირატესი და ჩვენ ვიცით, რომ ეს თანაფარდობა უმეტეს შემთხვევაში ირღვევა და საბრუნავი საშუალებები უჭირს ბიზნესს. ამიტომ 50/50-ზე იქნება და გარკვეული კატეგორიებისთვის, განსაკუთრებით ბოლო დროს აღებული სესხებისთვის საერთოდ ნულდება. ეს დეტალები ჩვენ „აწარმოე საქართველოს“ ვებგვერდზე იქნება გამოქვეყნებული. ექვსი თვის განმავლობაში დარიცხული პროცენტი იმ სესხებზე, რომელიც არის აღებული 2020 წლის პირველ დეკემბრამდე, ჩვენი მხრიდან იქნება 80 პროცენტით სუბსიდირებული“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი თემები