“გვექნება საშუალება განახლებულ პარლამენტთან აქტიურად გავაგრძელოთ მუშაობა დაგეგმილი რეფორმის განხორციელებაზე” – მაია ცქიტიშვილი

არჩილ თალაკვაძის ყოველწლიური ანგარიში – პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა უმრავლესობის წევრებმა შეაფასეს. ვიცე-პრემიერის და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში ყველა იმ მნიშვნელოვან მიღწევებსა და გამოწვევებს ეხებოდა, რომელსაც საზოგადოება 2020 წლის მანძილზე თვალყურს ადევნებდა.

“ბატონი არჩილის ანგარიში, რა თქმა უნდა, ეხებოდა იმ მნიშვნელოვან გამოწვევებსაც და მიღწევებსაც, რომელსაც ჩვენ 2020 წლის განმავლობაში ყველანი ერთად ვადევნებდით თვალყურს. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ აქცენტების გაჟღერება პარლამენტის ტრიბუნიდანაც, რომელიც 2021 წელს ექნება პარლამენტს როგორც დემოკრატია, უსაფრთხოება და ეკონომიკა. გვექნება საშუალება უკვე განახლებულ პარლამენტის გუნდთან, ასევე აქტიურად გავაგრძელოთ მუშაობა ყველა იმ დაგეგმილი რეფორმის განხორციელებაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და 2024 წლისთვის ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის განაცხადისთვის გვჭირდება,” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავას შეფასებით, 2020 წლის განმავლობაში პარლამენტსა და მთავრობას შორის კარგი კოორდინაციის ხარისხი იგრძნობოდა.

“განსაკუთრებით იგრძნობოდა კარგი კოორდინაციის ხარისხი მთავრობასა და პარლამენტს შორის მთელი 2020 წელი, რის გარეშეც წარმოუდგენელი იქნებოდა ეფექტური ბრძოლა პანდემიასთან. 2020 წელს გაძლიერდა პარლამენტის ზედამხედველობა მთავრობაზე. მე, ჩემს კოლეგებს არა ერთხელ გვიწევდა მოსვლა პარლამენტში, კომიტეტებში, პლენარულ სხდომებზე, ანგარიშის ჩაბარება, კომუნიკაცია,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

პარლამენტის თავმჯდომარემ 96 კანონმდებლის წინაშე უკვე განხორციელებულ საკანონმდებლო საქმიანობასა და მომავალ გეგმებზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ შეაფასა მეცხრე მოწვევის დეპუტაციის ეფექტიანობაც. აღნიშნა, რომ იგეგმება რეფორმა თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რაც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება.

მსგავსი თემები