“ოპოზიცია პარლამენტის საქმიანობაში უნდა ჩაერთოს იმ წარმომადგენლობით, როგორც ეს ამომრჩეველმა გადაწყვიტა” – არჩილ თალაკვაძე

მეათე მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებულ ფონზე მისასალმებელია “ევროპელი სოციალისტებისა” და “მოქალაქეების” ჩართულობა საპარლამენტო მუშაობაში.

არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიების დანარჩენი ნაწილი საკუთარი შეფასებებისა და რადიკალური განცხადებების მძევალი გახდა. პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილის და საერთაშორისო პარტნიორების სურვილი და მოლოდინი მდგომარეობს იმაში, რომ ოპოზიცია პარლამენტის საქმიანობაში უნდა ჩაერთოს იმ წარმომადგენლობით, როგორც ეს ამომრჩეველმა გადაწყვიტა.

“პოლიტიკური პარტიების ეს ნაწილი გახდა საკუთარი შეფასებების და რადიკალური განცხადებების მძევალი და დღეს არის ისეთი გადაწყვეტილებების ძიებაში, რომელსაც ჩვენმა კოლეგა ევროპარლამენტარებმა რამდენიმე დღის წინ “ოპოზიციისთვის პრესტიჟის და სახის შენარჩუნების გამოსავალი”, ციტატას ვამბობ, უწოდეს.

ასევე ნიშანდობლივია, რომ ის, რასაც ჩვენ ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის საბოტაჟი ვუწოდეთ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გასულ კვირას კიდევ უფრო მძიმე ფორმულირებით გაჟღერდა და ევროპელმა კოლეგებმა ეს აქტი დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრად შეაფასეს.

ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სურვილი და მოლოდინი გახლავთ, რომ ოპოზიცია პარლამენტის საქმიანობაში უნდა ჩაერთოს იმ წარმომადგენლობით, როგორც ეს ამომრჩეველმა გადაწყვიტა.

აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები ფასილიტაციას უწევენ პოლიტიკურ დიალოგს , რომლის მიზანიც პოზიციების დაახლოება და პარტიების მუშაობის საპარლამენტო სივრცეში დაბრუნებაა.

რა თქმა უნდა, ჩვენი სულისკვეთება არის თანხმობაში იმასთან, რაც სურთ ჩვენს მოქალაქეებს და საერთაშორისო მეგობრებს და ეს სურვილი ამ შემთხვევაში, სრულიად ასახავს დემოკრატიის პრინციპს, რომ მონაწილეობა არის დემოკრატიის ფუნდამენტი.

ამ ფონზე, მისასალმებელია, რომ ორმა ოპოზიციურმა პარტიამ “ევროპელმა სოციალისტებმა” და “მოქალაქეებმა” პასუხისმგებლიანი გადწყვეტილება მიიღეს და პარლამენტის საქმიანობაში ჩაერთნენ,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები