სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვაკის პარკი დროებით იკეტება

ვაკის პარკის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე კვირიდან, ვაკის პარკი სრულად დაიკეტება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რეაბილიტაციის პროცესში ვაკის პარკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსისთვის დამახასიათებელი ყველა ელემენტი შეუნარჩუნდება.

„დაწყებულია ვაკის პარკის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეკრეაციული სივრცეების განახლება, მოწესრიგება. ამ მიმართულებით, ბევრი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა და მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. ეს არის სივრცე, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და მის განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღეთ. ის მნიშვნელოვანი ელემენტები, რომელიც ამ პარკს გააჩნია, თავისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიდან გამომდინარე, ყველაფერი შენარჩუნდება და მოწესრიგდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ვაკის პარკის რეაბილიტაციის დაგეგმვამდე, თბილისის მერიამ პროცესში ადგილობრივი მოსახლეობა ჩართო და მათი წინადადებებიც გაითვალისწინა.

„სამუშაოებიდან გამომდინარე, მინდა, მივაწოდო მოსახლეობას ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღეში მოგვიწევს პარკის სრულად დაკეტვა, რადგან საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები იწყება. დაგეგმვის ეტაპზე აქტიური კომუნიკაცია გვქონდა მოსახლეობასთან, საკმაოდ მაღალი იყო მათი ჩართულობა და ბევრი საინტერესო იდეა ჰქონდათ, რომელიც ამ პროექტში იქნა გათვალისწინებული. სამუშაოები წლის ბოლომდე მთლიანად უნდა იყოს დასრულებული. დარწმუნებული ვარ, რეაბილიტაციის შემდეგ, ქალაქში კიდევ ერთი კარგი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი თემები