“აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ჩვენს ქართველ კოლეგებსა და მეგობრებთან მუშაობის უდიდესი სურვილი აქვს” – კელი დეგნანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხებს, მათ შორის ახალ ადმინისტრაციასთან ახლო მომავალში შეხვედრებისა და კომუნიკაციის დღის წესრიგს.

შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა ამერიკის სახელმწიფო მდივნისადმი დავით ზალკალიანის მიერ გაგზავნილი წერილი, სადაც, ვრცლად არის საუბარი აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების გეგმებსა და პრიორიტეტებზე.

აშშ-ის ელჩმა ქართულ მხარეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ახალი ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს მთავრობასთან ინტენსიური მუშაობის მზაობა.

„ჩემთვის ყოველთვის უდიდესი სიამოვნებაა საგარეო საქმეთა სამინისტროში კოლეგებთან შეხვედრა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ახალი წლის დადგომასთან ერთად, ჩვენ საკმაოდ დატვირთული განრიგი და დღის წესრიგი გვაქვს. შეხვედრაზე განვიხილეთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში მომავალი სამუშაო შეხვედრების გრაფიკი. უამრავი სამუშაოა ჩასატარებელი, მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი ადმინისტრაცია ჰყავს, რომელსაც ჩვენს ქართველ კოლეგებსა და მეგობრებთან მუშაობის უდიდესი სურვილი აქვს. ასე რომ, ჩვენ მოუთმენლად ველით პროდუქტიულ თანამშრომლობას ჩვენს კოლეგებთან. რა თქმა უნდა, მინისტრ ზალკალიანს ჯანმრთელობას და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კელი დეგნანმა.

სტრატეგიული პარტნიორობის საკითხების პარალელურად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და უსაფრთხოების არსებულ გარემოს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს მჭიდრო კოორდინაციის აუცილებლობას საერთო ინტერესების მატარებელ საკითხებთან დაკავშირებით.

მსგავსი თემები