“პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის ერთადერთი სწორი ნაბიჯია შეთანხმება ვადამდელ არჩევნებზე” – ბადრი ჯაფარიძე

“ლელოს” პოზიცია არის უცვლელი – პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის ერთადერთი სწორი ნაბიჯია შეთანხმება ვადამდელ არჩევნებზე ან გზა, რომელიც ნამდვილად მიგვიყვანს ვადამდელ არჩევნებამდე”,-ამის შესახებ “ლელოს” გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ბადრი ჯაფარიძე განმარტავს, ვადამდელი არჩევნები ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. ამასთან დასძენს, რომ რადიკალიზმის და წითელი ხაზების დაწესება ცუდია, განსაკუთრებით პოლიტიკაში.

“ეს გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან და რაც მთავარია, საშუალებას მოგვცემს პარლამენტის კედლებში დავიწყოთ მუშაობა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, იმ გამოწვევების გადასალახად, რომლის წინაშე დგას საქართველო. რადგან პარლამენტმა დღეს კენჭი არ უყარა მანდატების შეწყვეტას, მე მინდა მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“ გადმოდგან ნაბიჯი ოპოზიციის და ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, იმისთვის რომ, ჩვენ შევთანხმდეთ ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე. არჩევნები, რომელიც აღარ დაბადებს კითხვას შედეგებთან დაკავშირებით და იქნება ქართველი ხალხის ნების გამომხატველი.

რადიკალიზმის და წითელი ხაზების დაწესება ცუდია, განსაკუთრებით პოლიტიკაში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გულწრფელ მცდელობაზე, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ პოლიტიკური კრიზისიდან, ამ დროს “ოცნების” მხრიდან წითელი ხაზების დაწესებას ქვეყანა შეყავს ჩიხში.

მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერებს, გააცნობიერონ რომ ეს არ არის ოპოზიციური პარტიების ახირება, ეს არის საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნა, მოხდეს შეთანხმება ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. დროა, ვისაუბროთ ქვეყნის ინტერესებზე. ქვეყნის ინტერესები კი არის ის, რომ შედგეს პოლიტიკური შეთანხმება და ხელისუფლებამ მაღლა დააყენოს სახელმწიფოებრივი ინტერესები და დაასრულოს პოლიტიკური კრიზისი”, – განცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მსგავსი თემები