“გვწამს, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა იყოს, ასე სჭირდება უკეთეს საქართველოს” – ალეკო ელისაშვილი

გვწამს, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა იყოს, ასე სჭირდება უკეთეს საქართველოს, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მოქალაქეების“ ლიდერმა, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში.

„რთულად მოვედით, მოგეხსენებათ. ალბათ, ყველა თვალყურს ადევნებდით, მე და ლევან იოსელიანმა ამ დარბაზამდე მძიმე გზა გამოვიარეთ, დინების საწინააღმდეგოდ, აღმა ცურვა მოგვიწია და ბევრი სირთულის გაძლება, ბევრი სიძულვილი კიდევ წინ გველის, მაგრამ ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ, რომ რისიც გვწამს და რისიც გვჯერა, გავაკეთებთ ყოველთვის იმას და გვჯერა და გვწამს, რომ ოპოზიცია აქ უნდა იყოს, ასე სჭირდება უკეთეს საქართველოს და ასე იქნებოდა და ასე იქნება სწორი.

ზოგს ჰგონია ალბათ და ვერც დავაჯერებთ ბევრს, რომ ამ სავარძელმა არ მოგვხიბლა და აქ რაღაცა პრივილეგიებით არ შემოგვიტყუეს. ამას, რა თქმა უნდა, დრო გამოავლენს, მაგრამ ამის დასტურად ძალიან მარტივ რამეს ვიტყვი, შესაძლოა, წინასაარჩევნოდ ადევნებდით თვალყურს, ჩვენ გვქონდა უცნაური კამპანია, ტელეფონის ნომერი გქონდა გამოქვეყნებული და მთელი ჩვენი გუნდი ხალხს ვპასუხობდით. გავიმეორებ ჩემი ტელეფონის ნომერს და ამ სხდომის დასრულების შემდეგ ისევ ჩართული მექნება ნომერი, ვიღაც გაგვლანძღავს, ვიღაც შემაქებს და რაც მთავარია, სხვები პრობლემებს გვეტყვიან – 593 58 40 52 არის ტელეფონის ნომერი, რომელსაც ყოველთვის ვუპასუხებ, ვპასუხობდი წინასაარჩევნოდ და ოთხი წლის განმავლობაში ვუპასუხებ, როგორც დეპუტატი, რადგან ჩემთვის დეპუტატობა არის უბრალოდ მეტი იარაღი და მეტი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ხალხის პრობლემებზე ვიფიქროთ და ვიმუშაოთ და ხალხის პრობლემები მოვაგვაროთ, ხალხის პრობლემები გვინდა, რომ ისმოდეს ამ დარბაზში. ამიტომ ვართ ჩვენ აქ. არჩევნები გაყალბდა თუ არა, გვეკითხებიან და დღეს, აგერ, შემოსვლამდე გვქონდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ დეპუტატთან კამათი – გაყალბდა, ჩვენ ამის გვჯერა. არჩევნები 31 ოქტომბერს გაყალბდა. მაშ, რატომ ვართ ამ დარბაზში თუ გაყალბდა? იმიტომ ვართ, რომ ჩვენ გვინდა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები იყო საქართველოს ისტორიაში ბოლო გაყალბებული არჩევნები და ის მემორანდუმი არის ამის გარანტია, რასაც ხელი მოვაწერეთ და მე მინდა, ვთხოვო ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან, ამპარტავნულად ყველაფერს კი ნუ გვიწუნებენ და ყველაფრის წყალში ჩაყრას კი ნუ ცდილობენ, არ მოსწონთ რაც წერია იქ? იბრძოლონ ჩვენზე მეტად, გაცილებით მეტნი არიან, 54 არიან, მეტი გამოგლიჯონ „ქართულ ოცნებას“ მეტად დაახევინონ უკან, უფრო კარგი და ქვეყნისთვის სასარგებლო და საჭირო პუნქტები შეიტანონ, ამას უბრალოდ მივესალმები და მეტი არაფერი. ჩვენ გვინდა, რომ შეთანხმებისამებრ პირველ მარტამდე კანონად იქცეს ის ჩვენი შეთანხმება და მემორანდუმი, რომ ელექტრონული არჩევნების წესი დამკვიდრდეს, თითის ანაბეჭდმა მოსპოს ის მავნე პრაქტიკა, კარუსელები რომ ერქვა და შტრიხკოდიანმა ფურცელმა, ვიდეოკამერებმა, ყველაფერმა ერთად მოგვიტანოს ბოლოს და ბოლოს პატიოსანი არჩევნების წესი, რომ მომდევნო ოქტომბრიდან მოყოლებული, მეორე დღეს ეჭვშეუტანელი იყოს ხოლმე და ყველა ვენდობოდეთ არჩევნების შედეგს – ეს გვინდა ჩვენ.

ასევე, მინდა, ვუთხრა ყველას, განსაკუთრებით მათ, ვისაც არ სჯერა, რომ შეიძლება ქვეყანაში იყვნენ თუნდაც ახალფეხადგმული, სულ ცოტა ხნის წინ რეგისტრირებული, პატარა პარტიები, რომლებიც დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს და არავის გავლენას არ ექვემდებარებიან, ეს არის წარმოუდგენელი და დაუჯერებელი, შესაძლოა, ორი მხრიდანაც, აქედანაც და იქიდანაც დიდი პარტიებისთვის. მაგრამ ჩვენ არავის ვეკითხებით, რასაც ქართული სახელმწიფოს ინტერესი გვკარნახობს და საკუთარი სინდისი გვეუბნება, იმას გავაკეთებთ ყოველთვის და არავის დირექტივას არსაიდან არ დაველოდებით და ჩვენ მიგვაჩნდა, რომ აქ შემოსვლა იყო სწორი, იმ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ და ოთხი პოლიტპატიმრის გათავისუფლების შემდეგ“, – განაცხადა პარლამენტში ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სხვა ოპოზიციონერებსაც იხილავს პარლამენტში.

„და ბოლოს, ჩვენთან ითვლება, რომ თუ ოპოზიციაში ხარ, უნდა გძულდეს ხელისუფლება და თუ ხელისუფლებაში ხარ, უნდა გვძულდეს და განადგურება უნდა გინდოდეს ოპოზიციის, მაგრამ ჩემი აზრით, ამით იმდენად ვართ 30 წელია გართული, ცოდვა გამხელილი სჯობს და მე განსაკუთრებით ვარ ცოდვილი ამ მიმართულებით და ხშირად დაუნდობელი ზედმეტადაც, რომ გვავიწყდება მთავარი, რომ პოლიტიკური პროცესი მთავარს უნდა ემსახურებოდეს, ხალხის პრობლემების მოგვარებას, ეს ამ დარბაზში მაკლდა ყოველთვის, ბავშვობიდან, რომ აქ ისმოდა ყველაფერი, მაგრამ ხალხის პრობლემებზე არ ფიქრობდნენ, არ დარდობდნენ. ეს განცდა მაქვს ცხრა წელია, ძვირფასო „ქართული ოცნების“ დეპუტატებო, არის „ქართული ოცნების“ რეალობა, არის ნამდვილი ქართული რეალობა, რომელიც ძალიან არის აცდენილი ერთმანეთს, აქეთ არის თავდაუზოგავი ფუფუნება, ჯიპები, უშველებელი კაბინეტები, პრემიები, დანამატები, ბენზინში დახარჯული გაურკვეველი ასეულობით მილიონები და ასეც არის გაღატაკებული ხალხი, ამ პანდემიის პირობებში განსაკუთრებით, სასოწარკვეთილი ხალხი, უიმედო ხალხი, უსამართლობის განცდით კრიჭაშეკრული ხალხი, რომელიც ხშირად სამართალს ვერ პოულობს, სამსახურს ვერ პოულობს, პოულობს კი არა, კარგავს და გაქცევაზე ფიქრობს, არადა გვაქვს საოცარი ქვეყანა, უზარმაზარი შესაძლებლობების ქვეყანა და შეგვიძლია, რომ ეს ქვეყანა გავხადოთ უკეთესი და ჩვენ აქ ვართ ზუსტად იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს უკეთესი. ვიკამათოთ დაუნდობლად, მაგრამ ვიკამათოთ იდეებზე, არა პრივილეგიების გაყოფაზე და არა რაღაც ჩვენი პირადი კომფორტის მოწყობაზე და სწორედ ამიტომ ვამბობ, გინდ პოპულიზმად ჩამითვალეთ, რადაც გინდათ, იმად ჩამითვალეთ, მე ამიერიდან, როგორც დეპუტატი, გავიმეორებ ჩემი ტელეფონის ნომერის – 593 58 40 52. ჯოჯოხეთია ყოველდღე ასეულობით ზარის პასუხი, მაგრამ ეს არის პასუხისმგებლობა და ეს არის სწორი პოლიტიკა, ჩემი აზრით. დანარჩენს ვნახავთ, იმედს დავიტოვებ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ დანარჩენ ოპოზიციასაც ვიხილავთ აქ და ვიხილავთ იმას, რომ ყველა ერთად კრიტიკით, შესაძლოა, ძალიან მძიმე და დაუნდობელი კრიტიკით, ვიფიქრებთ, რომ ეს ქვეყანა როგორ წავიყვანოთ წინ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი თემები