“ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც ამას იმსახურებს ქართველი ხალხი” – შალვა პაპუაშვილი

ჩვენ მხარს არ დავუჭერთ დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტას. დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ოპოზიცია დაბრმავებულია ძალაუფლების წყურვილით და მოქმედებს პრინციპით – „ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, თუ მას არ აქვს ძალაუფლება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, მანდატების შეწყვეტის მოთხოვნა, ისევე როგორც პარლამენტის საბოტაჟით ამომრჩეველთა ნების ძალადობრივად შეცვლის მცდელობა, ამ მიდგომის განხორციელების საშუალებაა.

„ქართულმა ოცნებამ“ ჯერ კიდევ 2012 წელს განაცხადა, თუ რა არის მისი ქცევის არსი და დღემდე ჩვენ ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც ამ პრინციპით მოქმედებს – „ჩვენ ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც ისინი იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც ამას იმსახურებს ქართველი ხალხი“. დღეს ჩვენი და ჩვენი ოპონენტების ეს პრინციპები კიდევ ერთხელ დადგა ერთმანეთის პირისპირ. ჩვენ სწორ მხარეს ვართ, არ დავუშვებთ საბოტაჟს, არ დავუშვებთ ძალადობას, ვიმოქმედებთ ისე, როგორც ამას ჩვენი ქვეყანა იმსახურებს“, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმებისგან თავს იკავებს. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მსგავსი თემები