„ქართული ოცნება“ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს კენჭისყრაზე ჩააგდებს

„ქართული ოცნების“ უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს. შესაბამისად, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, საკითხი კენჭისყრისას ჩავარდება და ოპოზიციის საპარლამენტო საქმიანობის თემა კვლავ ღიად დარჩება.

საქართველოს კონსტიტუციისა და რეგლამენტის გათვალისწინებით, დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს პარლამენტი დადგენილებით წყვეტს. გადაწყვეტილების მიღებას სულ მცირე 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

კონსტიტუციის გათვალისწინებით, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი – პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ; იკავებს სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობას ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას; მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს; კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ; სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად; გარდაიცვალა; დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას; ექვემდებარება უფლებამოსილების შეწყვეტას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. პარლამენტი ვალდებულია დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დაუყოვნებლივ განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს. აღნიშნულ ნორმას პარლამენტის რეგლამენტი ადგენს, სადაც ასევე წერია, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე კენჭისყრა დაუშვებელია.

შეგახსენებთ, დღეს, 2 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება, რომლის პირველი პლენარული სხდომის ერთადერთი საკითხი 51 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაა.

მსგავსი თემები