„ვარ მერიის ტუალეტის გამგე და არ მეთაკილება“ – ბავშვებს ტუალეტი ახეხინეს, შსს-მ გამოძიება დაიწყო

ფაქტი, რომელიც სამეგრელოში, კერძოდ კი ჩხოროწყუში მოხდა, არასამთავრობოების, ბავშვთა უფლებადამცველების თუ სხვა ჯგუფების ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა. საუბარია შემთხვევაზე, როცა სკოლის მოსწავლეები მერიაში წაიყვანეს და ტუალეტი გაახეხინეს.

როგორც აღნიშნული „აქციის“ ორგანიზატორი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახურის ყოფილი უფროსი ეთერ ჯაფარიძე ამბობს, მან თვითნებურად იმოქმედა და ამაში სათაკილოს ვერც ვერაფერს ხედავს.

„შემცირების შემდეგ დამრჩა ერთი იდეა, რომ ბავშვებისთვის ჩამედო ეს პატარა მარცვალი. წავედი მეორე საჯარო სკოლაში, შევხვდი სკოლის დირექტორს, შემიყვანა მე-7 კლასში, ბავშვებს ვუთხარი, რომ შრომა იწყება დაბადებიდან. ვიყავი ევროპაში და იქ არაფერი არ იყო ჩვენზე უკეთესი, არც კულტურა, გარდა იმისა, რომ იქ ტუალეტიც რომ გაწმინდო, არაფერი არ არის სასირცხვილო-მეთქი. რატომ მერიაში? წამოვიყვანე ეს ბავშვები მერიაში, იმიტომ რომ ესენი უნდა გახდნენ შემდგომში მერები, მხატვრები, ინჟინრები, ტურისტები, ცნობილი პიროვნებები, მაგრამ, ოჯახს რომ გაუჭირდეს და შვილებს დასჭირდეთ, ასეთი საქმე არ უნდა ითაკილონ. წამოვედით, ეს დავახვედრე გაპრიალებული. მე პრაქტიკულად ბრიგადირი მქვია, მაგრამ ვარ მერიის ტუალეტის გამგე და არ მეთაკილება“ – აცხადებს ჯაფარიძე.

შემთხვევა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ეხებათ. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 150-ე, იძულების მუხლით დაიწყო. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, „აქციის“ ორგანიზატორს სს პასუხისმგებლობა დაეკისრება.    

ოპოზიცია კი ჩხოროწყუს მერის, დავით გოგუას პასუხისმეგებლობის საკითხს აყენებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მერიასა და საკრებულოსთან აქცია გაიმართა.

მსგავსი თემები