გიორგი გახარია ქუთაისის მეტეოროლოგიური სადგურის თანამედროვე რადარის შესაძლებლობებს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან, მაჟორიტარ დეპუტატებთან ზაზა ლომინაძესთან და ბეჟან წაქაძესთან ერთად, ქუთაისში, მეტეოროლოგიურ სადგურში იმყოფებოდა, სადაც გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე რადარი დამონტაჟდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მეტეოროლოგიური რადარის შესაძლებლობებზე ინფორმაცია მთავრობის მეთაურს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიაწოდა.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, ახალი რადარი საშუალებას იძლევა, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ოპერატიულ რეჟიმში მიიღოს მონაცემები ღრუბელთა ტიპების, მათი წყალშემცველობის, გადაადგილების მიმართულების, სიჩქარის და სხვა ფიზიკური მახასიათებლების შესახებ ქუთაისიდან 200-250 კმ-ის რადიუსში.

გარდა ამისა, რადარის მეშვეობით შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე დადგინდეს მოსალოდნელი ნალექების რაოდენობა და ინტენსივობა, რაც მათგან გამოწვეული შესაძლო წყალმოვარდნების და ღვარცოფების შესახებ საპროგნოზო ინფორმაციის შესაბამისი უწყებებისთვის დროულ მიწოდებას უზრუნველყოფს.

მსგავსი თემები