კორონავირუსით გარდაცვალების ძირითადი მიზეზი დაგვიანებული მკურნალობაა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, „კოვიდ 19“-ით გარდაცვალების მთავარი მიზეზი ის არის, რომ პაციენტები ექიმებს არ მიმართავენ და ხშირ შემთხვევაში, მკურნალობა დაგვიანებულია. შესაბამისად, მოსახლეობას მიმართავს, დროულად მივიდნენ კლინიკებში.

„ჩვენს მიერ ბოლო პერიოდში COVID-19 გარდაცვალების შემთხვევების ანალიზმა გვაჩვენა, რომ უმრავლეს შემთხვევაში სიკვდილის მიზეზია პაციენტების დაგვიანებული მომართვიანობა. თავის მხრივ, ეს ხდება ორი მიზეზით:

. რესპირაციული ინფექციით პაციენტები არაიშვიათად არ იკეთებენ ან დაგვიანებით იკეთებენ COVID-19-ზე ტესტირებას და ეს მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქვეყანაში კეთდება COVID-19 ტესტების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა – 20 ათას გამოკვლევამდე დღეში და ის ხელმისაწვდომია ყველა მსურველისათვის უფასოდ.

· პაციენტები COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზით ამჯობინებენ თვითმკურნალობას სახლში ექიმის მეთვალყურეობის გარეშე და მხოლოდ მდგომარეობის უკიდურესი დამძიმების შემთხვევაში მიმართავენ სასწრაფო დახმარებას და/ან COVID კლინიკებს. არაიშვიათად ასეთი პაციენტები პირდაპირ რეანიმაციულ განყოფილებებში ხვდებიან და მათი გადარჩენა ყოველთვის ვერ ხერხდება“ – აცხადებს ცერცვაძე.

როგორც ინფექციონისტი განმარტავს, დაგვიანებული მკურნალობის მიზეზი სავარაუდოდ შემდეგია: პაციენტთა 70-80%-ში COVID-19 მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან მსუბუქად და ისინი მართლაც არ საჭიროებენ სპეციალურ სამედიცინო დახმარებას/ჰოსპიტალიზაციას.

მსგავსი თემები