შსს-მ სამსახურიდან დაითხოვა სამი პოლიციელი, რომელთა მეშვეობითაც, მოქალაქის პერსონალური ინფორმაცია ერთ-ერთ ოპოზიციონერს გადაეცა

შსს-მ სამსახურიდან დაითხოვა პოლიციის სამი თანამშრომელი, რომელთა უკანონო ქმედების შედეგად, მოქალაქის პერსონალური ინფორმაცია ერთ-ერთ ოპოზიციონერს გადაეცა და შემდეგ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავრცელდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დასკვნის საფუძველზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს ორი უბნის ინსპექტორი და ფოთის საქალაქო განყოფილების პატრულ-ინსპექტორი სამსახურიდან დაითხოვეს.

დადგინდა, რომ აღნიშნული პირები, მოქალაქის შესახებ ინფორმაციის უკანონოდ მოძიების მიზნით, ერთმანეთს დაუკავშირდნენ, ხოლო ერთ-ერთი მათგანი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა „დიჯიპასის“ მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა და კონკრეტული მოქალაქის შესახებ ინფორმაცია მოიძია.

პოლიციის თანამშრომელმა მოპოვებული პერსონალური ინფორმაცია ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს გადასცა. აღნიშნული ინფორმაცია მოგვიანებით ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავრცელდა.

გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, აღნიშნული პირები დათხოვნილი არიან სამსახურიდან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები