„…ერთხელაც, მოულოდნელად აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გამოჩნდნენ“ – ანთიმოზ ბიჩინაშვილი დავითგარეჯზე

„სხვადასხვა ტელევიზიებში 1000 სისულელე მოვისმინე, მელაშვილი და ილიჩოვა ლამის გმირებად შერაცხეს, სინამდვილეში დავითგარეჯში რა მოხდა და ვინ „გააპრავა“ აზერბაიჯანელი მესაზღვრების იქ დგომა არავის აინტერესებს“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში სასულიერო პირი ანთიმოზ ბიჩინაშვილი წერს.

„2003-2009 წლებში დავითგარეჯის მონასტერში ვცხოვრობდი. სანამ აზერბაიჯანლები გამოჩნდებოდნენ მონასტრის წინამძღვრის კურთხევით კვირაში ერთხელ თხემის წვერზე ავდიოდი აღდგომის ეკლესიაში. ადგილი სადაც 1617 წელს 6000 გარეჯელი, აღდგომა დღეს აწამეს. ტაძარს როდესაც დავალაგებდი, მერე სამღვდელო პარაკლისს ვიხდიდი სრულიად მარტო.

ერთხელაც, მოულოდნელად აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გამოჩნდნენ და თხემის წვერი, აღდგომის ეკლესიიდან ჩიჩხიტურის კოშკამდე დაიკავეს. მიზეზი, თითქოს საზღვარი საქართველოს და აზერბაიჯანს შორის თხემის წვერზე გადის და ეს ადგილები მათთვის სტრატეგიული სიმაღლეებია.

საკითხის აბსურდულობა რაში მდგომარეობს? თხემის მხარე, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაა(მათი აზრით) აბსოლუტურად ციცაბო და მიუსვლელია, ჩვენი მხარე კი ყველგან მისასვლელი. მოვიდნენ და „ნაგლად“ დღემდე თხემის წვერზე დგანან. ვის, ან რას იცავენ? დღეს, სხვადასხვა ტელევიზიებში 1000 სისულელე მოვისმინე, მელაშვილი და ილიჩოვა ლამის გმირებად შერაცხეს.

სინამდვილეში დავითგარეჯში რა მოხდა და ვინ „გააპრავა“ აზერბაიჯანელი მესაზღვრების იქ დგომა, არავის აინტერესებს. რიტორიკული კითხვაა, ვინ არის დამნაშავე?“, – წერს ანთიმოზ ბიჩინაშვილი.

მსგავსი თემები