“დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ ჩვენ და „მოქალაქეებმა“, ღიაა სხვა პარტიებისთვისაც” – არჩილ თალაკვაძე

ველით, რომ ოპოზიციის მონაწილეობა პარლამენტში კიდევ უფრო გაფართოვდება,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც პარტია “მოქალაქეების” პარლამენტში შესვლაზე ისაუბრა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, პოლიტიკური დიალოგი ოპოზიციურ პარტიებთან კვლავ გაგრძელდება.

„როგორც იცით, ჩვენ, როგორც სახელისუფლებო პოლიტიკურმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ განვაცხადეთ პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში, რომ ჩვენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ საარჩევნო რეფორმის შემდეგი ეტაპი განხორციელდეს საქართველოს პარლამენტში, ჩვენ გაუმჯობესებული კანონმდებლობით შევხვდეთ ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც 2021 წლის შემოდგომაზე ჩატარდება.

ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკება ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ელჩების მხარდაჭერით, ასევე გვქონდა მოლაპარაკებები პარტია „მოქალაქეებთან“, რომელიც დღეს დასრულდა პოზიტიური შედეგით. ჩვენ შევქმენით დოკუმენტი, სადაც ჩვენი პირობა და პასუხისმგებლობაა, რომ საქართველოს პარლამენტში განვახორციელებთ საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

ჩვენ ხელი მოვაწერეთ ამ დოკუმენტს, ხელი მოაწერეს პარტია „მოქალაქეებმა“. ეს დოკუმენტი ღიაა სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვისაც, მათთვის ვინც მანდატი მიიღო. ჩვენ განვაგრძობთ პოლიტიკურ დიალოგს და მოლაპარაკებებს პოლიტიკურ პარტიებთან და ველით, რომ ოპოზიციის მონაწილეობა პარლამენტში კიდევ უფრო გაფართოვდება.

ეს არის მეორე ოპოზიციური პარტია, რომელიც პარლამენტში იქნება წარმოდგენილი და რაც შეეხება შეთანხმების იმ ნაწილს, რომელსაც სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს ძალისხმევას იმისათვის, რათა შემოუერთდეს პროცესს კიდევ მინიმუმ იმდენი წარმომადგენელი ოპოზიციიდან, რაც იქნება საკმარისი ამ ცვლილებების განხორციელებისთვის“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება შედგა და ლევან იოსელიანთან ერთად, პარლამენტში შედის.

მსგავსი თემები