“შესაძლოა, პროკურატურას ერჩივნოს, დავით გარეჯის საქმე თაროზე იყოს შემოდებული” – ადვოკატი

ივერი მელაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების გადაწყეტილება სასამართლოს პროკურატურის შუამდგომლობის გარეშეც უნდა მიეღო.

ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის თქმით, არც გუშინ და არც მანამდე პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობდა, რადგან ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი საერთოდ არაფერში არ მიუძღვით.

„კანონმდებლობა უცნაურად არის მოწესრიგებული და გარკვეულწილად არ გვაძლევს აღკვეთის ღონისძიების გირაოთი გასაჩივრების შესაძლებლობას, თუმცა ეს ჩანაწერები კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და ჩვენ გავასაჩივრებთ აუცილებლად. ჩვენ პროცესზე დავაფიქსირეთ, რომ 30 000 და 20 000 ივერი მელაშვილისთვის არის გარკვეულწილად მძიმე ტვირთი. ეს არის მძიმე ტვირთი საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის დღეის მდგომარეობით, მათ შორის პანდემიიდან გამომდინარე. იმ მოცემულობაში, როცა დანაშაული და რაიმე საფრთხე არ არსებობს, მინიმალური აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს მოცულობის გამოყენებასაც ექნებოდა გარკვეული ეფექტი. იმ მოცემულობით, რითაც პროკურატურა წარდგა სასამართლოს წინაშე და უნდა ამტკიცოს, რომ ეს საქმე გადაეცეს საქმის არსებით განხილვას, არის ძალიან სუსტი პოზიციები. შესაძლოა, პროკურატურას ერჩივნოს, რომ ეს საქმე გაიწელოს დიდხანს, იყოს თაროზე შემოდებული და არ დადგეს მათთვის მიუღებელი შედეგი, რაც არის გამამართლებელი განაჩენი. საქმეში ფაქტობრივად ერთ მტკიცებულებასაც ვერ ნახავთ. თვითონ რაც მოიპოვეს, მათ შორის ფარული ჩანაწერები და რაც წესით უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე ვალიდული მტკიცებულებები, როდესაც ადამიანები კერძოდ ლაპარაკობენ და ჰგონიათ, რომ მათ არ უსმენენ და იქ უნდა რაღაც თქვან რეალურად, ის მტკიცებულებებიც ჩვენი სასარგებლოა. უფრო მეტიც, მათი დამონტაჟებული ვერსიებიც ჩვენი სასარგებლოა, როდესაც პროკურატურამ რეალობა დაამახინჯა მონტაჟით“, – განაცხადა ადვოკატმა.

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ დღეს  გათავისუფლდნენ გირაოს ოდენობა თითოეულისთვის 20 000 ლარს შეადგენს.

მსგავსი თემები