“ვაქცინებთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება სრული სიცრუე და მოსახლეობის გაუგებრობაში შეყვანის მცდელობაა” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის შეფასებით, ვაქცინებთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება სრული სიცრუე და მოსახლეობის გაუგებრობაში შეყვანის მცდელობაა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მალტის ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეებისთვისაც არ აქვს ვაქცინის საკმარისი რაოდენობა და შესაბამისად, საქართველოს მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა.

„ეს არის სრული სიცრუე. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ შემოიტანოს არეულობა და გაუგებრობა ჩვენს მოსახლეობაში. საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულად მოქმედებს. მალტის ხელისუფლება აცხადებს, რომ თავად არ გააჩნია საკუთარი მოქალაქეებისთვის ვაქცინის საკმარისი რაოდენობა. აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან მათ მიმართ ნებისმიერი მიმართვა ვერ დაკმაყოფილდებოდა. საქართველოს მთავრობა ამასთან დაკავშირებით მუშაობს და დათქმულ თარიღებში აუცილებლად გვექნება ის შეპირებული ვაქცინა, რომელსაც ვაანონსებთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას წინადადებით მიმართავს. როგორც სოციალურ ქსელში “ფეისბუქი” სააკაშვილი წერს, მალტამ მიიღო ერთი მილიონი ვაქცინით მეტი, ვიდრე მას სჭირდებოდა და მიიღო გადაწყვეტილება, ვაქცინა გადაუნაწილოს უფრო ღარიბ ქვეყნებს, რომელთა კატეგორიაში შედის საქართველო. სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, რომ მიმართოს მალტას და უსასყიდლოდ მიიღოს ვაქცინა.

მსგავსი თემები