ივერი მელაშვილი მოსამართლის კითხვაზე, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ – “კატეგორიულად არა!”

საქართველოს საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულ ივერი მელაშვილის განცხადებით, მას რამდენჯერმე არ მიეცა საშუალება, საკუთარი აზრი საზოგადოებისთვის მიეწოდებინა და სახალხო დამცველს შეხვედროდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მელაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

„იყო შემთხვევა, როცა ჩემი აზრი ადვოკატისთვის მინდოდა გადამეცა საქმესთან დაკავშირებით და ამის საშუალება არ მომეცა. იყო ასევე მეორე შემთხვევა, შემთხვევათა ერთობლიობა იყო, საზოგადოებისთვის მიმართვის გადაცემა მინდოდა ადვოკატისთვის, რაზეც უარი მითხრეს, რასაც ჩემი გადაბარგება მოჰყვა „მატროსოვიდან“ გლდანში. სახალხო დამცველთან მინდოდა საუბარი, შეზღუდვები იყო და არ მომეცა საშუალება, რაც სახალხო დამცველს ვუთხარი”,- განაცხადა მელაშვილმა. ბრალდებულის თქმითვე, მასსა და მის ადვოკატს შორის ბარიერი იყო და მხოლოდ და მხოლოდ სატელეფონო საუბარი შეეძლოთ.

მოსამართლის კითხვაზე, სცნობს თუ არა თავს დამნაშავედ, ივერი მელაშვილმა უპასუხა, რომ „კატეგორიულად არა”.

ადვოკატების განცხადებით, აღნიშნული ფაქტი შესაბამის ორგანოებში გასაჩივრებული აქვთ. ადვოკატების თქმითვე, მათ დაცვის უფლება არაერთი წერილობითი მიმართვის მიუხედავად, შეეზღუდათ. უფლებადამცველების განმარტებით, დაცვის მხარის მიერ წარდგენილი საჩივარი, როგორც პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელის სახელზე დაწერილი აქვთ, ასევე მიმართული აქვთ იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციისთვის და საქმის კურსშია სახალხო დამცველიც.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს რამდენიმე დღის წინ ბრალი დაუზუსტდათ. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.

მსგავსი თემები