ენტონი ფაუჩიმ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს გამოცდილებას მაღალი შეფასება მისცა

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრმა აშშ-ს ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტების ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის (NIAID/NIH) დირექტორისა და მსოფლიო მედიცინის ერთ-ერთი ლიდერი პროფესორის ენტონი ფაუჩისგან მიიღო წერილი, სადაც მან საქართველოს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილებას მაღალი შეფასება მისცა. ინფორმაციას შიდსისა და ინფექციური პათოლოგიის ცენტრი (თბილისის ინფექციური საავადმყოფო) ავრცელებს.

მათი ცნობით, ცენტრს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს NIAID/NIH-თან და ამ თანამშრომლობამ დიდად შეუწყო ხელი საქართველოში აივ/შიდსის თანამედროვე ტიპის სამსახურის შექმნას და განვითარებას და ზოგადად აშშ–საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას ბიოსამედიცინო დარგში.

„2017 წლის ოქტომბერში პროფესორ ენტონი ფაუჩის ინიციატივით, ქალაქ ბეთესდაში ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის და მისი გუნდის წამყვანი წევრებისათვის სპეციალური მიღება და სამეცნიერო სესია გაიმართა. შეხვედრის მიზანი NIAID/NIH-სა და ცენტრს შორის 20-წლიანი წარმატებული სამეცნიერო თანამშრომლობის შედეგების შეჯამება და სამომავლო პერსპექტივების დასახვა იყო. ზემოთაღნიშნული ღონისძიება უპრეცედენტოა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის და ცენტრის აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში უდიდესი მიღწევების და დამსახურებების მკაფიო აღიარებაა.

შეხვედრის დროს, თენგიზ ცერცვაძემ, ნიკოლოზ ჩხარტიშვილმა და აკაკი აბუთიძემ თავიანთ მოხსენებებში ისაუბრეს აშშ-საქართველოს თანამშრომლობის 20-წლიანი გამოცდილების შედეგებზე და NIAID-თან თანამშრომლობით ჩატარებული ერთობლივი კვლევების ძირითად მიღწევებზე. აგრეთვე ამერიკულ მხარეს გააცნეს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ძირითადი შედეგები. პროფესორმა Anthony Fauci-იმ ქართველ კოლეგებს გააცნო NIAID/NIH-ის სამეცნიერო და კლინიკური საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მიღწევები. მან მაღალი შეფასება მისცა ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის შედეგებს და ცენტრის მიღწევებს აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში. მან გამოთქვა რეკომენდაციები მომავალი კვლევების პრიორიტეტების თაობაზე. ამერიკის მხარემ ქართველი კოლეგებისთვის მეგობრული სადილიც გამართა“, – ნათქვამია თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები