სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირებისთვის სპეციალური ჯგუფი იმუშავებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების დაწყება.

მისივე თქმით, სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების თვალსაზრისით შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი უხელმძღვანელებს.

„კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ, ეს არის უკვე დაანონსებული უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრებისა 2021-2024 წლების განმავლობაში- სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების დაწყება. გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში ეს განსაკუთრებით აქტუალურია. მიზანი, რასაც ჩვენ ვისახავთ, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვა იყოს კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკებისა და მაგალითების დონეზე. ეს მხოლოდ ჩვენი სურვილი არ არის, არამედ აუცილებლობაა გამოწვეული იმ ეკონომიკური მდგომარეობით, რომელშიც ქვეყანა იმყოფება და რომელსაც გლობალური ეკონომიკური კრიზისი ჰქვია. ჩვენ ამ ნაბიჯს ვიწყებთ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემით. დღეს ვიმსჯელებთ, როგორ უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭო დაკონპლექტებული ამ კომერციული სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი ორგანიზაციის. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ უმაღლესი სტანდარტები, მოთხოვნები მენეჯმენტისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, რომლებმაც შემდეგი წლების განმავლობაში ამ ორგანიზაციის ფუნქციონირება უნდა განსაზღვრონ.

გარდა ამისა, სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების თვალსაზრისით შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ფინანსთა მინისტრი, ბატონი ივანე მაჭავარიანი უხელმძღვანელებს. ეს არ იქნება ერთი საწარმო, რომელზეც ჩვენ გავჩერდებით. არამედ, იქნება კონკრეტული გეგმა, თანმიმდევრული ნაბიჯები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები