“მკაცრად მოითხოვენ შეზღუდვების მოხსნას და ამავე დროს, უარს ამბობენ ვაქცინის გაკეთებაზე” – თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობაზე

  •  

ვაქცინა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, ამაზე მთელი მსოფლიო თანხმდება, – აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

ცერცვაძის თქმით, ამის შესანიშნავი მაგალითია, რომ ერთი წელია, პანდემია გრძელდება, მობილიზებულია უზარმაზარი მატერიალური და ინტელექტუალური რესურსი, ქვეყნები აკეთებენ მაქსიმუმს, რაც შეუძლიათ და იმაზე მეტს ვერ მიაღწიეს, რასაც ვხედავთ.

„მათ მიაღწიეს იმას, რომ სიკვდილობა 20%-დან ჩამოვიდა 2-3%-ზე, მაგრამ ვერ მიაღწიეს შემთხვევების სერიოზულ შემცირებას და ამას თან მოსდევს უამრავი დისკომფორტი, ლოკდაუნები, აკრძალვები, შეზღუდვები, ეკონომიკის რეცესია, ადამიანების უკმაყოფილება, სასწავლო პროცესის შეწყვეტა და ცხოვრების დონის გაუარესება.

პრაქტიკამ გვიჩვენა, ვიდრე არ შემუშავდება ეფექტიანი ვაქცინა და შემუშავებულია უკვე; ვიდრე არ მოხდება მოსახლეობის დიდი ნაწილის – 60-65%-ის ვაქცინაცია და პარალელურად, არ შეიქმნება ეფექტიანი მედიკამენტი, რომელიც გარანტირებულად განკურნავს პაციენტს, მდგომარეობა ამაზე მეტად ვერ გაუმჯობესდება. ეს არის მაქსიმუმი, რასაც ვაქცინის გარეშე მიაღწია მსოფლიომ და მათ შორის, საქართველომ. ამიტომ ყოველგვარი ლაპარაკი – ვაქცინა საჭიროა თუ არა; შეიძლება თუ არა, ავიცრათ და ისე დავძლიოთ პანდემია, არის დემაგოგია და უტოპია“, – აცხადებს ცერცვაძე.

​თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ვაქცინის გარეშე პანდემიას ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაძლევს.

„რაც შეეხება მოსახლეობის დამოკიდებულებას ვაქცინის მიმართ, ეს ძალიან სახიფათო ტენდენციაა. მაშინ, როდესაც მთელი რესურსი მიმართულია, რათა როგორმე ვიშოვოთ ვაქცინა, ყველა ზომას მივმართავთ ამისთვის და გამოიკვეთა იმის ალბათობა, რომ ვაქცინის საკმარისი რაოდენობა ქვეყანაში შემოვიდეს, ამ დროს თუ ეს შემოსული ვაქცინები მოსახლეობამ არ გამოიყენა, მაშინ მთელი ძალისხმევა იქნება ფუჭი.

მინდა, მივმართო მოსახლეობას – ვაქცინა არის აბსოლუტურად უსაფრთხო, მას აქვს მინიმალური გვერდითი მოვლენები. დღეს გამოქვეყნდა შედეგები – ისრაელში, სადაც 2,6 მლნ ადამიანმა უკვე გაიკეთა ვაქცინა, 1,2 მლნ-მა ვაქცინის უკვე მეორე დოზა გაიკეთა, ნახეს, რომ ვაქცინირებულთა შორის მხოლოდ 0,01%-ს დაემართა კოვიდი, ასპროცენტიანი არაფერი არ არის, მაგრამ პრაქტიკულად, უზრუნველყოფს დაცვას. სულ დაემართა 20 კაცს და მათაც მსუბუქად.

ძალიან გასაკვირია მოსახლეობის პოზიცია, ერთი მხრივ, ძალიან მკაცრად მოითხოვენ შეზღუდვების მოხსნას და ყველანაირი ბიზნესის, საქმიანობის, სწავლების აღდგენას, რაც პრინციპში გასაგებია, ადამიანები დაიღალნენ და უნდათ ნორმალური ცხოვრება; მაგრამ, ამავე დროს, უარს ამბობენ ვაქცინის გაკეთებაზე. ეს ორი რამ დიამეტრალურად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. შენ თუ გინდა, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა, მოიხსნას შეზღუდვები და მოიხსნას აკრძალვები, მაშინ ისინი პირიქით, უნდა იხვეწებოდნენ, ვაქცინა შემოიტანეთ და გავიკეთებთო. ვაქცინა პირდაპირი გზაა იმისკენ, რომ შემცირდეს შემთხვევების რაოდენობა და მოიხსნას შეზღუდვები“, – აცხადებს ცერცვაძე.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ქვეყანამ აქამდე ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო და ახლა საჭიროა ვაქცინაციის პიარკამპანია.

„ქვეყანამ იზრუნა ვაქცინის შემოტანაზე და დადო ძალიან ეფექტიანი ვაქცინაციის გეგმა, რომელიც გულისხმობს ეტაპობრივ ვაქცინაციას რისკჯგუფების გათვალისწინებით. გაწერილია ყველა ის პუნქტი, სადაც მოხდება ვაქცინაცია, ყველა ის აღჭურვილობა, რომელიც უნდა ჰქონდეს სამედიცინო დაწესებულებას, რათა ვაქცინაცია უსაფრთხო იყოს. ახლა დარჩა მთავარი, გავაჩაღოთ საინფორმაციო პიარკამპანია იმისთვის, რომ მოსახლეობა დავარწმუნოთ. უნდა გადავდოთ ყველა განსხვავებული მოსაზრება გვერდზე, პოლიტიკური ორიენტაცია, სამედიცინო თვალსაზრისით, ყველა უნდა გავერთიანდეთ და დავარწმუნოთ მოსახლეობა, ვაქცინა გაიკეთოს რაც შეიძლება მეტმა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები