“ქვეყანაში ვითარება დინამიურად უმჯობესდება, დადებითობის მაჩვენებელი იანვრის განმავლობაში გვაქვს 8.5 პროცენტი” – ამირან გამყრელიძე

დადებითობის მაჩვენებელი არის ერთ-ერთი მგრძნობიარე ინდიკატორი, მასთან ერთად, არის ახალი შემთხვევების რაოდენობა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი, აქტიური შემთხვევების რაოდენობა, საწოლფონდში თავისუფალი ადგილები, რეანიმაციებში ავადმყოფთა რაოდენობა, ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფ ავადმყოფთა რაოდენობა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, ბიზნესის წარმომადგენლებთან, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, ყველა ამ მულტიინდიკატორული ფაქტორების გათვალისწინებით მიიღება გადაწყვეტილებები შემდგომ შემსუბუქებასთან დაკავშირებით.

„ზოგადად, ქვეყანაში, ყველა ეს მაჩვენებელი დინამიურად უმჯობესდება ბოლო თვის განმავლობაში. დადებითობის მაჩვენებელი, იანვრის განმავლობაში, გვაქვს 8.5 %, როდესაც ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში, ეს რიცხვი, დაახლოებით, იყო 25-30 და იყო დღეები, როდესაც 35 პროცენტზეც ავედით. ასევე, ბოლო 14 დღის განმავლობაში, დადებითობის პროცენტი არის 6,6, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში – 5,5 და დღეს გახლავთ 4.1 %. ეს გახლავთ მთელი საქართველოს მასშტაბით, მაგრამ არის რეგიონები, მაგალითად აჭარა, სადაც დღეს, დადებითობის მაჩვენებელი ჩვენ გვაქვს 1%. ზოგადად, აჭარაში, ბოლო 7 დღის განმავლობაში, ეს მაჩვენებელი 3 %-ზეა. აქედან გამომდინარე, ე.წ. ასიმეტრიული შემსუბუქების პოლიტიკა დაიწყო და პირველი თებერვლიდან გამოცხადებულია და უკვე იცით, თუ რა მსუბუქდება, რა მასშტაბით და განსაკუთრებით, უფრო მეტი, მთლიან საქართველოსთან მიმართებაში, ხდება ეს აჭარაში, სწორედ ამ ინდიკატორების მიხედვით და მასზე დაყრდნობით, რომელიც მე ჩამოგითვალეთ. სასურველია, რომ ეს მონაცემები მყარად შევინარჩუნოთ ბოლო 14 დღის განმავლობაში და ვმსჯელობთ 7 და 14 დღეზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები