“ადამიანების რაოდენობა, რომელიც COVID ვაქცინის გასაკეთებლად მზადაა, 50%-დან 60%-მდე მერყეობს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ადამიანების რაოდენობა, რომელიც COVID ვაქცინის გასაკეთებლად მზადაა, 50%-დან 60%-მდე მერყეობს.

მისივე თქმით, ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით ვაქცინის მიმართ პოზიტიური განწყობის მაჩვენებელი შემცირებულია და ამის ერთ-ერთი მიზეზი მოსახლეობაში სწორი ინფორმაციის ნაკლებობაა.

„გარკვეული პერიოდულობით ჩვენთანაც კეთდება სოციოლოგიური გამოკითხვები. სხვადასხვა პერიოდში დაახლოებით 50%-დან 60%-მდე მერყეობს. ნოემბერში უფრო მეტი იყო ეს მაჩვენებელი, ანუ მეტი იმედი ჰქონდათ ადამიანებს იმიტომ, რომ მაშინ სიკვდილიანობა გაიზარდა, რთული სიტუაცია იყო, შემდეგ ეს შემცირდა. ეს მხოლოდ COVID ვაქცინაზე არაა, მოგეხსენებათ, ანტივაქცინური მოძრაობა ძალიან ძლიერია მსოფლიოში და ჩვენთანაც. ჩემი აზრით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, მოსახლეობაში სწორი ინფორმაციის ნაკლებობაა“, -აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, პანდემიის დამარცხების ერთ-ერთი გზა მოსახლეობის ვაქცინაციაზე გადის.

რაც შეეხება კითხვას, როდის შეიძლება ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ, ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ეს წელიწადნახევარში მოხდება.

„ჩვეულ რიტმს, როდესაც ყველგან ვმოძრაობდით, ნიღაბი არ გვეკეთა, ვმოგზაურობდით და ასე შემდეგ, კაცობრიობა ჩემი აზრით, ერთ წელში, წელიწადნახევარში დაუბრუნდება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები