“მკვლელობაში ხუთივე ბრალდებულს აქვს პირდაპირი შემხებლობა და გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა მათ მიერ არის ჩადენილი“ – პროკურორი

მოკლული არასრულწლოვნის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, „ოქროს მოწმე“  გურამ ამირხანაშვილმა პირდაპირ დაადასტურა, რომ ხუთივე ბრალდებულს მკვლელობასთან შემხებლობა ჰქონდა. როგორც პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოწმე ამირხანაშვილმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელები პირდაპირ ამხილა.

„დაიკითხა გურამ ამირხანაშვილი, რომელმაც სრულად დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება. გურამ ამირხანაშვილმა სასამართლოში კიდევ ერთხელ დაადასტურა, მისი, გიორგი შაქარაშვილისა და დანარჩენი პირების მიმართ განხორციელებული ძალადობა, მუქარა და ასევე მის მიმართ განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთა. ასევე ისაუბრა იმ გარემოებებზე, რომელიც უშუალოდ კავშირშია გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან“ – განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით,  როდესაც ის დაიმალა, გიორგი შაქარაშვილს მისდევენ არასრულწლოვანი ზ.ხ. ა.ქ. და ასევე ვახტანგ ჩიქოვანი.

„მოწმემ ასევე ისაუბრა იმ გარემოებებზე, როდესაც ამ ადამიანებმა ლანძღვა-გინებით ჩაირბინეს იმ მიმართულებით, სადაც გაიქცა გიორგი შაქარაშვილი, ხიდის ქვეშ მიმართულებით. დაახლოებით, 7-8 წუთი არ ისმის არაფერი. ამის შემდეგ, ბრუნდებიან იგივე პიროვნებები, მოდის ავტომანქანა იმავე ადგილზე, ფერადი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და ამის მერე ამოდის ქვემოდან ნიკოლოზ რევაზიშვილი და არჩილ გაგნიძე. ანუ გურამ ამირხანაშვილის ჩვენებით პირდაპირ დადასტურდა ის გარემოება, რომ  მკვლელობაში ხუთივე ბრალდებულს აქვს პირდაპირი შემხებლობა და არის მათ მიერ ჩადენილი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა.

კერძოდ, გურამ ამირხანაშვილმა ისაუბრა, რომ როდესაც გზაზე წამოვიდნენ, ეს პირები, ანუ ბრალდებულები მანქანაში ეკითხებოდნენ ისევე კარგად იცოდა გიორგი შაქარაშვილმა ცურვა, როგორც დარბოდა? ყველა ეს კითხვა გურამ ამირხანაშვილმა დაუკავშირა პირდაპირ იმ ფაქტს, რომ ამ პირებმა იცოდნენ, რომ გიორგი შაქარაშვილი იყო წყალში და რაღა თქმა უნდა ის, რომ მათ მიერ იყო გიორგი შაქარაშვილი გადაგდებული წყალში. მან სასამართლოს წინაშე დაადასტურა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტი, პირდაპირ ამხილა და იდენტიფიცირება მოახდინა გიორგი შაქარაშვილის მკვლელების“, – განაცხადა პროკურორმა ყაზარაშვილმა.

მსგავსი თემები