„პაციენტის საჩივრის შესასწავლად ექსპერტს უხდიდნენ 33 – დან 35 ლარამდე“- „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის” თავმჯდომარე „მედიაცენტრ მთავარში” (ვიდეო)

„სამედიცინო სერვისების ხარისხი გაწერია გაიდლაინებში, თუმცა ყოველივე ამას აფასებს ექსპერტი თუ პაციენტის მხრიდან იქნა შეტანილი საჩივარი, 2013 და 2017 წლამდე ხარისხის შეფასებას ახდენდა გაერთიანებული სამედიცინო ასოციაციები, თუმცა მათ უარი თქვეს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის” თავმჯდომარემ ნანა სანაიამ განაცხადა.

ექსპერტების მიერ საჩივრების შეფასებაზე უარის თქმის მიზეზად ნანა სანაია სხვა ფაქტორებთან ერთად მცირე დაფინანსებით ხსნის:

„2018 წლიდან შეფასებას აწარმოებდა თბლისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ჩვენ დავინტერესდით რატომ განაცხადა უარი გაერთიანებულმა სამედიცინო ასოციაციებმა, ერთ – ერთი მიზეზი არის ის რომ თითო რეცენზიაზე კომისიის წევრს უხდიდნენ 33 – დან 35- ლარამდე, ასევე არ იყო დაფარული კლინიკისა და ექიმის მონაცემები.

ახლა გამოცხადებულია ტენდერი სამედიცინო საჩივრების განხილვის თაობაზე,“ – განაცხადა ნანა სანაიამ „მედიაცენტრ მთავარში.”


ნანა სანაიას ინფორმაციით პაციენტების მხრიდან სამედიცინო პერსონალის მისამართით წელიწადში 300 – 400 საჩივარი ფიქსირდებოდა:

„უნდა შეიქმნას ეთიკის კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შევა სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ასევე იურისტები და ჟურნალისტები, რათა თითოეული შემთხვევა იყოს ხარისხიანად შესწავლილი და უკმაყოფილო არ დარჩეს, როგორც პაციენტი, ასევე ექიმი,“ – განაცხადა ნანა სანაიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები