„გამოვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და გავხსნით სავაჭრო ობიექტებს“ – აქცია ლილოში

  •  

მთავრობის კანცელარიის პარალელურად, ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს „ლილო მოლის“ ტერიტორიაზეც. ბაზრობაზე დასაქმებულები სავაჭრო ცენტრების გახსნას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუმორჩილებლობით იმუქრებიან.

„როგორც სხვა მოლები, ისე გვინდა, გაიხსნას ლილო მოლი. მოვალთ პირველ თებერვალს, გამოვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და გავხსნით ჩვენს სავაჭრო ცენტრებს, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ. აქ ყოველ დღე შევიკრიბებთ, პირველ თებერვალს კი დავიწყებთ მუშაობას“ – აცხადებენ მოვაჭრეები.

შეზღუდვების მოხსნას ითხოვს და მოვაჭრეებს მხარდაჭერას უცხადებს „ლილო მოლის“ ხელმძღვანელი გიორგი კვარაცხელია.

„6 თვეა დახურულები ვართ და ძალიან მძიმე ვითარებაა. ვაჭრობის სფერო სექტორებად არ უნდა იყოფოდეს. თუ გახსნაა, ყველა უნდა იხსნებოდეს. აქ ყველა საშუალებაა იმისთვის, რომ რეგულაციები იყოს დაცული“ – აცხადებს კვარაცხელია.  

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტებმა, ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებმა და არასამთავრობოებმა აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთანაც გამართეს და ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნა მოითხოვეს.

მსგავსი თემები