“გიორგი შაქარაშვილმა ყველა დაზიანება გარდაცვალებამდე 10-20 წუთით ადრე მიიღო, რაც ნიშნავს, რომ ამ დაზიანებებს წყალში ვერ მიიღებდა” – პროკურორი

  •  

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, ერთ თვეში გამოცხადდება. მხარეებს მოწმეთა უმრავლესობა უკვე დაკითხული ჰყავთ. დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი განახლდა ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევით. საუბარია 112-დან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებზე.

საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი ამტკიცებს, რომ კომისიის დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილს სხეულზე დაზიანებები გარდაცვალებამდე 10-20 წუთით ადრე აქვს მიყენებული, რაც გამორიცხავს ამ დაზიანებების წყალში მიღების შესაძლებლობას. 

“კომისია პირდაპირ უთითებს, რომ გიორგი შაქარაშვილმა მის სხეულზე არსებული ყველა დაზიანება გარდაცვალებამდე 10-20 წუთამდე ინტერვალში მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დაზიანებები მიყენებულია სიცოცხლის პერიოდში, წყალში არანაირად არ არის მიყენებული და ეს დროც ადასტურებს ამას,”-აცხადებს პროკურორი. 

არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილის შეფასებით კი ეს დაზიანებები გიორგი შაქარაშვილს შეიძლება სხვადასხვა საგნებთან შეჯახების შედეგად მიეღო, მათ შორის, წყალში ყოფნის პერიოდში. 

“ეს დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ან, პირიქით, მოქმედებაში იყო გიორგი შაქარაშვილი და უმოქმედობაში ეს მკვრივი, ბლაგვი საგნები. შესაძლებელი გახდა, რომ განვითარებულიყო ქვებზე, ხეზე შეჯახების შედეგად, მათ შორის, წყალში. ეს ყველაფერი არ გამოკვლეულა, შესაბამისად, ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ისინი ვარაუდებზე ვერ ისაუბრებენ,”-განაცხადა ადვოკატმა. 

მსგავსი თემები