“გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის პირველი საერთაშორისო სამართლებრივი შეფასებაა” – დავით ზალკალიანი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის პირველი საერთაშორისო სამართლებრივი შეფასებაა, რომელმაც იურიდიულად დაადასტურა რუსეთის ბრალეულობა მის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ზალკალიანი საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, ეს არის საქართველოს სახელმწიფოს უპრეცენდენტო საერთაშორისო გამარჯვება, რომელმაც ცალსახად, სამართლებრივად დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროსა და შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებში.

„მიღებული გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად გამოკვეთა: რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ეფექტური კონტროლი, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევები, რუსეთის პასუხისმგებლობა ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების ხელყოფაში; ასევე ის ფაქტი, რომ 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობდა რუსეთსა და საქართველოს შორის. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის პირველი საერთაშორისო სამართლებრივი შეფასებაა, რომელმაც იურიდიულად დაადასტურა რუსეთის ბრალეულობა მის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე. ეს არის საქართველოს სახელმწიფოს უპრეცენდენტო საერთაშორისო გამარჯვება, რომელმაც ცალსახად, სამართლებრივად დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოსა რუსეთ-საქართველოს ომის დროსა და შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებში. დარწმუნებული ვართ, აღნიშნული უპრეცენდენტო გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების უფლებების დაცვისთვის ჩვენი ქვეყნის შემდგომი სამართლებრივი და დიპლომატიური ძალისხმევის წარმატების სერიოზულ საფუძველს შექმნის. სტრასბურგის სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება არის ჩვენი ქვეყნის – სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების 12- წლიანი ძალისხმევის შედეგი და კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს, რომ განვაგრძოთ აქტიური მუშაობა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების, საქართველოს განუყოფელი რეგიონების დეოკუპაციისა და ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ქვეყნის გამთლიანების მიმართულებით“, – აცხადებს დავით ზალკალიანი.

მსგავსი თემები