“პირველად ისტორიაში, საქართველო არის სამართლებრივად გამართლებული, აღიარებული, როგორც ომის მსხვერპლი, ეს ქვეყნისთვის დიდი მიღწევაა” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს.

სალომე ზურაბიშვილი მადლობას უხდის იუსტიციის სამინისტროს და თეა წულუკიანს. ზურაბიშვილის თქმით, სწორედ მათი დიდი წვლილია ამ გამარჯვებაში.

„დღეს არის ძალიან სიმბოლური დღე, რომელსაც მე ვხვდები აქ, ბრიუსელიდან, სადაც ძალიან მაღალი დონის შეხვედრები ტარდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ დღეს სტრასბურგმა მიიღო ეს ისტორიული გადაწყვეტილება.

ისტორიულია და შემთხვევით არაფერი ხდება, ეს ხდება ჩვენი ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, 30 წლის შემდეგ იქედან, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, 2008 წლის ომის შემდეგ გავიდა 12 წელი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველად ისტორიაში, და პირველად სხვა ქვეყნების ისტორიაშიც, ხდება ის, რომ საქართველო სამართლებრივად არის გამართლებული, სახელმწიფო არის აღიარებული, როგორც მსხვერპლი ამ ომის, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ისტორიისთვის და მომავლისთვის. ეს არის ის საყრდენი, რაზეც ახლა უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი და ჩვენი გაერთიანება.

მინდა, კერძოდ დიდი მადლობა ვუთხრა იუსტიციის სამინისტროს და თეა წულუკიანს, რამეთუ მათ ეკუთვნით ძალიან დიდი წვლილი ამ გამარჯვებაში, რომელიც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არის მთელი საქართველოს გამარჯვება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მადლობის თქმა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

მსგავსი თემები