ბავშვების დაავადება, რომელიც 2%-მდე ლეტალობას იწვევს, გულსაც აზიანებს – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში” 

ტემპერატურის მატება, გამონაყარი, ლორწოვანი გარსი, ფეხებისა და ხელების შეშუპება, გულის ჩათრევა – ეს ის ძირითადი სიმპტომებია, რომელიც „მულტი სისტემურ ანთებით სინდრომს“ ახასიათებს და რომელიც „კოვიდ 19“ გადატანილ ბავშვებში ვლინდება. რისკ ჯგუფებს კი 6-დან 11 წლამდე  ბავშვები წარმოადგენენ და დაავადების ათეულობით შემთხვევა საქართველოშიც დაფიქსირდა.

აღნიშნულ საკითხზე „მედიაცენტრ მთავარში“ თსსუ-ის პროფესორმა,  იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა  ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.

„მულტისისტემური ანთებითი სინდრომი კორონავირუსის გართულებად ითვლება. კორონავირუსისგან განსხვავებით, რომელიც ბავშვებში ლეტალობას ირ იწვევს, ამ შემთხვევაში, ლეტალობა შესაძლოა 2%-მდე იყოს“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მისივე თქმით, იაშვილის კლინიკაში, ბოლო ორი დღის განმავლობაში, აღნიშნული სინდრომით 7 ბავშვი მოთავსდა, საიდანაც 2 რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

„შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ვლინდება კორონავირუსის გადატანიდან 2-6 კვირის შემდეგ. პირველად ამ სინდრომის შესახებ ინფორმაცია გამოჩნდა მაისის თვეში, როდესაც დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა 8 ბავშვთან კორონავირუსის გადატანის შემდეგ.  დაავადების პროცესში ჩართული იყო რამდენიმე ორგანო და სისტემა და მოგვიანებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ამ სინდრომს უწოდა ის სახელი, რომლითაც დღეს ჩვენ ვიცნობთ, ეს არის – მულტისისტემური ანთებითი სინდრომი.

შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში, ამ ბავშვების მართვა უნდა მოხდეს სტაციონარში და არა მხოლოდ სტაციონარში, არამედ მულტიპროფილურ სტაციონარში. ბავშვების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში მონაწილეობას უნდა იღებდეს არა მხოლოდ პედიატრი, არამედ ნევროლოგი იმიტომ, რომ აზიანებს ნერვულ სისტემასაც, ნეფროლოგი იმიტომ, რომ შესაძლოა, საშარდე სისტემა დაუზიანდეს, ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტი, კარდიოლოგი, პულმონოლოგი და ა.შ. ანუ ეს არის მულტისისტემური, რაც ავტომატურად გულისხმობს ამ ბავშვების მართვის ერთადერთ შესაძლებელ ადგილად მრავალპროფილურ პედიატრიულ სტაციონარს“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.    

ამჟამად, აღნიშნული დიაგნოზით,  იაშვილის კლინიკაში მკურნალობს 12 პაციენტი, მათგან 7 არის მხოლოდ ბოლო ორი დღის განმავლობაში შესული. 7 პაციენტიდან 2 მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში.

მისივე თქმით, თუ დაავადების მიმდინარეობისას გულიც დაზიანდა, მკურნალობა შესაძლოა 1 წლამდე გაგრძელდეს.

მსგავსი თემები