“სხვისი დავალებით” – ჩვენთვის ეს არის მხოლოდ ის ორი წერილობითი სიტყვა, რომელიც ბრალდებაში არის ჩაწერილი” – ივერი მელაშვილის ადვოკატი

ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის ადვოკატების განცხადებით, მაშინ, როდესაც პროკურატურამ მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ ბრალი დააზუსტა, პროკურატურის წარმომადგენლებს და გამომძიებლებს რაიმე ახალი მტკიცებულებები ამ საქმესთან დაკავშირებით მათთვის არ გადაუციათ.

შესაბამისად, მათივე თქმით, არ იციან, რაზე საუბრობს პროკურატურა, როდესაც ამბობს, რომ აქვს ახალი აუდიო და ვიდეოჩანაწერები, რითიც წარდგენილი ბრალდება კიდევ უფრო მყარდება და მოტივიც დგინდება.

“დღეს ბრალის დაზუსტების შემდეგ ბრალდებაში ჩაემატა 2 სიტყვა: სხვისი დავალებით. თითქოს სხვისი დავალებით ხორციელდებოდა მთელი ის მოქმედებები, რასაც ედავებოდნენ აქამდე. ვისი დავალებით, რა მტკიცებულებებია და ა.შ. – ჩვენთვის ამ ეტაპზე ეს არის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განცხადება და ასევე ის ორი წერილობითი სიტყვა, რომელიც ბრალდებაში არის ჩაწერილი. ამ ეტაპისთვის ჩვენ სხვა მტკიცებულებები არ გვაქვს.

ჩვენთვის არც აქამდე იყო რაიმე მტკიცებულებები საქმეში და დარწმუნებული ვართ არც ახლა არ იქნება რაიმე ისეთი, რაც ერთის მხრივ ბრალდებას დაადასტურებს და მეორეს მხრივ რაიმე ფორმით ვინმესთან კავშირს დაადასტურებს ამ ადამიანების,” – განაცხადა ივერი მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა.

უფლებადამცველების თქმით, დღევანდელი პროცედურის შედეგად ბრალში გაჩნდა მხოლოდ ორი ახალი სიტყვა, რომ ეს დანაშაული ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ სხვისი დავალებით ჩაიდინეს.

“განსაკუთრებული ახალ ბრალში ბრჭყალებში არაფერი არ არის. არის სტილისტურად ოდნავ შეცვლილი, თუმცა შინაარსი იგივეა, გარდა იმისა, რომ ჩაამატეს “დავალების მიღების”. არაფერს არც ამყარებს, არც არაფერს უშვებს ეს ჩანაწერი ბრალში. მთლიანად, როგორი ცუდი საქმეც იყო აქამდე, ისეთივე ცუდი საქმე იქნება მომავალშიც,” – განაცხადა ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა გიორგი მახარაძემ.

მსგავსი თემები