200-ლარიანი დახმარების მისაღებად დაქირავებულთა შესახებ პირველი თვის მონაცემების წარდგენის ვადა დღეს იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამსაქმებლებს ახსენებს, რომ 200-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, დაქირავებულთა შესახებ მონაცემების წარდგენის ვადა დღეს, 20 იანვარს იწურება.

როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, აღნიშნული განაცხადების წარდგენა შესაძლებელია დისტანციურად (ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში), მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან: https://eservices.rs.ge შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში მიუსვლელად.

„უწყებას განაცხადი წარედგინება არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც დაქირავებულმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ხოლო თუ დამქირავებელი ყოველ მომდევნო თვეში არ წარადგენს განაცხადს, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას იყენებს წინა განაცხად(ებ)ს.

დღეის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მიზნით უკვე 115 000 განაცხადია დარეგისტრირებული. აქვე გაცნობებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა: https://www.rs.ge/kompensacia მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი. დაინტერესებული პირი საძიებო სისტემაში პირადი ნომრის, დაბადების თარიღისა და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ მარტივად გადაამოწმებს, უკვე წარმოადგინა თუ არა მონაცემები დამსაქმებელმა.

ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დამქირავებლის მხრიდან არასწორი ინფორმაციის წარმოდგენისა და კომპენსაციის უსაფუძვლოდ გაცემის შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს. შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ყველას, კანონდარღვევის ფაქტების, ე.წ. თაღლითური სქემების გამოყენების შესახებ, დაუყოვნებლივ, დადგენილი წესით, მიმართონ უწყებას და შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოახდენენ რეაგირებას თითოეულ გამოვლენილ ფაქტზე“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები