“საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის წინ ნატო-ს გენერალური მდივნის მხარდამჭერ განცხადებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება” – ვიქტორ დოლიძე

წლევანდელი წელი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თანამშრომლობის თვალსაზრისით ნატო-სთან, – აღნიშნავს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „საქართველოს სურს, ნატო-ს წევრი გახდეს და ამას რუსეთი ვერ შეაჩერებს“.

ვიქტორ დოლიძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტის წინ მსგავსი მხარდაჭერის გამოხატვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ჩვენი ნატო-სთან ურთიერთობის დინამიკა არათუ შენარჩუნდა, არამედ გაიზარდა კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიაა და ძალიან რთული სამუშაო პირობებია გლობალურად. წლევანდელი წელი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თანამშრომლობის თვალსაზრისით ნატო-სთან. იცით, რომ 2030 წლების პოლიტიკური უსაფრთხოების ახალი კონცეპტუალური დოკუმენტი მზადდება ალიანსში, ექსპერტებმა უკვე მოამზადეს და შემდგომ გაივლის, როგორც მინისტერიალს, ასევე სამიტს, სადაც პრეზიდენტი ბაიდენი აწ უკვე ახალ ამპლუაში წარდგება ალიანსის წინაშე. ჩვენც თავიდანვე ვიყავით ჩართული და ამ დოკუმენტის შემუშავებით ნატო-ს ღია პოლიტიკის გათვალისწინებით და საქართველოს უშუალო მონაწილეობით ამ პროცესში, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი პროცესი გველის წინ მომავალი ორი სამი წლის განმავლობაში.

როდესაც პრეზიდენტის ვიზიტის წინ ნატო-ს გენერალური მდივანი ამგვარ განცხადებას აკეთებს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. პირად საუბრებშიც არაერთხელ გვქონია ამ თემაზე საუბარი და მერწმუნეთ, ის ამ კონცეპტუალური მიდგომის ძალიან სერიოზული მხარდამჭერია. ქვეყანას უკვე ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს წევრობისთვის და სჭირდება მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება. ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული უკვე ჩვენს მოკავშირეებზე და რა თქმა უნდა, ჩვენს აქტივობაზე, ჩვენს მუშაობაზე მოკავშირეებთან, თუ რამდენად შევძლებთ მათ დარწმუნებას იმაში, რომ არანაირი მესამე ქვეყანა და მესამე მხარე არ უნდა ჩაერიოს იმ პროცესში, რასაც საქართველოს სუვერენული უფლება ჰქვია, გაწევრიანდეს ალიანსში.

მე მასთან დაკავშირებით დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება. დროის დასახელება ცოტა უმადური თემაა, როდესაც რაიმე დროზე ვსაუბრობთ, როდის მოხდება ეს, მაგრამ ეს რომ იქნება უახლოეს წლებში, მე ამაში დარწმუნებული ვარ. ჩვენ ამისთვის მოგვიწევს ბევრი შრომა, რეფორმების გატარება, თავსებადობის მიღწევა, ძალიან ბევრი უკვე გაკეთებულია და ეს მაძლევს სწორედ იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენ სერიოზული ფუნდამენტი გვაქვს მომავალი წარმატებების თვალსაზრისით“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ვიქტორ დოლიძის განცხადებით, პანდემიის მიუხედავად, გასულ წელს თანამშრომლობა კვლავ მაღალ დონეზე შენარჩუნდა და პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ნატო-ში ინტეგრაცია. მისი განცხადებით, მიმდინარე წელსაც არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

„ივლისში გვქონდა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პანდემიის პირობებში მისი პირველი ვიზიტი სწორად ბრიუსელში გამართა, მოგვეცა ამის საშუალება და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იყო განხილული, მათ შორის ქვეყნის შიდა უსაფრთხოების საკითხები, კონფლიქტების თემა, ოკუპირებული ტერიტორიები, რეფორმები და ა.შ. ამის შემდგომ, უკვე 29 სექტემბერს გვქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში. როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში შეხვედრები ჰქონდა უმაღლეს დონეზე და საშუალება მიეცა, მოკავშირეებთან და საერთაშორისო შტაბთან ესაუბრა ამ თემებზე, მათ შორის ნატო-ს გენერალურ მდივანთან. შემდგომ უკვე ჩვენ გვქონდა საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში საქართველოსა და უკრაინის პარტნიორი ქვეყნებიდან საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თუ გავითვალისწინებთ „კოვიდ-19“-ს და იმ პირობებს, რომ დისტანციურად გვიწევს ურთიერთობა, სადაც განხილული იყო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები. ჩვენ მოვახდინეთ ამავე შეხვედრებზე ჩვენი არსებითი პაკეტის განახლება და მას დაემატა კიდევ ახალი კომპონენტები და რა თქმა უნდა, ახლა უკვე მნიშვნელოვანი იქნება მისი სათანადოდ განხორციელება, რასთან დაკავშირებითაც მე ეჭვი არ მეპარება.

მიმდინარე წელს რაც შეეხება, ეს იქნება თავდაცვის მინისტერიალი, რომელიც მალე იქნება უკვე, თებერვლის შუა რიცხვებში და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს გავივლით, როგორიც არის მათ შორის ავღანეთში მოკავშირეების ყოფნა, სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობა. მომავალ კვირაშია დაგეგმილი ნატო-ს გენშტაბების უფროსების შეხვედრა და საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი ბატონი მათიაშვილი დაესწრება ამ შეხვედრებს. მას ორმხრივი შეხვედრებიც ექნება და მრავალმხრივიც. მერე უკვე მარტშია დაგეგმილი რიგაში საგარეო საქმეთა მინისტერიალი, შემდგომ ზაფხულში სამიტი უმაღლეს დონეზე, ერთი სიტყვით, დღის წესრიგი არის საკმაოდ მრავლისმომცველი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს წელი როგორც პრაქტიკული, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, ვიმუშაოთ ძალიან აქტიურად ჩვენს მოკავშირეებთან, რათა წინ გადადგათ ნაბიჯები ნატო-სთან უფრო მეტად დაახლოების და რაც ყველაზე მთავარია, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით საქართველოს სრულფასოვან წევრობასთან დაკავშირებით.

ძალიან ნათელია ყველასთვის, რომ ყოველდღიურად კიდევ უფრო იზრდება ამგვარი მხარდაჭერა, ყოველდღე კიდევ უფრო მკვეთრი მკაფიო პოზიცია აქვთ ნატო-ს უმაღლესი დონის წარმომადგენლებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნება პირველ რიგში საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილება, ისევე, როგორც ნატო-ს ქვეყნების სუვერენული გადაწყვეტილება, საქართველოს მიღებასთან დაკავშირებით და არავის აქვს უფლება, ეს გადაწყვეტილება განიხილოს ან მასზე იყოს დამოკიდებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია და პირდაპირ ეხება ჩვენს ქვეყანაში გატარებულ სერიოზულ რეფორმებს, თუნდაც ისეთ პერიოდში, კოვიდის და პანდემიის პირობებში, თუ როგორ ვუძღვებით ჩვენს მიუხედავად არსებული სირთულეების ამ საკითხს და ასევე იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყნის წინაშე არსებობს, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიები, ეკონომიკური დივერსიფიკაცია ჩვენი ქვეყნის, დემოკრატიული განვითარება და ნებისმიერი სხვა“, – აცხადებს ვიქტორ დილიძე.

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ნატო-ს შტაბბინაში უმასპინძლებს. შეხვედრა 22 იანვარს, ბრიუსელში გაიმართება.

მსგავსი თემები