ზაზა სარალიძე 10 სექტემბრიდან საპროტესტო აქციების განახლებას გეგმავს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე 8 თვის წინ მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე  ხელისუფლებას მისი შვილის მკვლელებისთვის ხელის დაფარებაში ადანაშაულებს და 10 სექტემბრიდან საპროტესტო აქციების დაწყებას აანონსებს.

როგორც ზაზა სარალიძემ “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენაციაზე განაცხადა, აქციებთან დაკავშირებით კონკრეტულ ინფორმაციას საზოგადოებას 8 სექტემბერს მიაწვდის, თუ რა მოთხოვნები ექნება.  აქციების სავარაუდო ადგილი პარლამენტის შენობა იქნება.

“ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელ განმარტებებს აღარ გავაკეთებ.  რაც შემიძლია ვთქვა, არა მხოლოდ მე, მთელი საქართველო დარწმუნდა იმაში, რომ მმართველი გუნდი და მაღალჩინოსნები პირდაპირ მფარველობენ ამ საქმის გამყალბებლებს. თემირლან მაჩალიკაშვილი იქნა ლიკვიდირებული ზუსტად იმ ვიდეოსა და ფოტოსურათების გამო, სადაც ჩანდა, რომ თითქოს ის მოძრაობდა ტერორისტებთან ერთად.    ჩემი შვილის მკვლელობის საქმეში კი, მირზა სუბელიანი ყოფილა ვიღაც პიროვნება? ეს ყველა ზღვარს სცილდება”, – აცხადებს ზაზა სარალიძე.

მისი თქმით, ეს იქნება საბოლოო აქცია.

აღსანიშნავია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ  ხმათა უმრავლესობით „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნა დაამტკიცა. დოკუმენტში საუბარია, რომ გამოძიება ხარვეზებით ჩატარდა და ეს იყო  სისტემის ბრალი.

დოკუმენტს, რომელიც 67-გვერდს მოიცავს, კომისიის ცხრა წევრმა – თავად „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი. „ქართული ოცნების“ დასკვნის ვარიანტს კი, კომისიაში „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ოთხი დეპუტატი დაეთანხმა. დოკუმენტს ჯერ პარლამენტის ბიუროზე იმსჯელებენ, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე.

დოკუმენტში ხელისუფლების უმაღლესი პირების პასუხისმგებლობაზეცაა საუბარი.  ასევე მირზა სუბელიანის, მ.კ-ს, იუსტიციის მინისტრისა და სხვათა  წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაზე.

მმართველი გუნდი დოკუმენტს საპარლამენტო უმცირესობის პოლიტიკურ დოკუმენტს უწოდებს.

მსგავსი თემები