“ნაკურთხი წყალი წაიღეთ სახლში, ასხურეთ, დალიეთ და არ მოგეკარებათ ავადმყოფობა, თუ გჯერათ; თუ არ გჯერათ, დაიჯერეთ” – მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) განცხადებით, საყოველთაო ნათლობა პანდემიის გამო არ ტარდება. როგორც მეუფე ნიკოლოზმა სამების საკათედრო ტაძარში ჟურნალისტებს განუცხადა, ხალხის თავშეყრა სახიფათოა.

„სავარაუდოდ, ხალხის თავშეყრა სახიფათოა და საყოველთაო ნათლობაზე ზოგი რწმენით მოდის, ზოგს ნაკლები რწმენა აქვს, ზოგი განგვიკითხავს და ნერვიულობს საზოგადოება. როგორც კი რეგულაცია იქნება, ალბათ, მაშინ გაგრძელდება“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნაკურთხი წყლის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისტორიულად ხშირად ხდებოდა, რომ როდესაც ხალხში ეპიდემია ვრცელდებოდა, მათ ნაკურთხი წყლით კურნავდნენ.

„გასულ შაბათს იყო წმინდა ირმინას ხსენება, რომელმაც ეპისკოპოსი მოიყვანა თავის მონასტერში იმიტომ, რომ ეპიდემია იყო. აკურთხებინა წყალი, ეს წყალი დაალევინა მონაზვნებს, ასხურეს მონასტერში და განიკურნენ. შავ ჭირზეა საუბარი. დღევანდელი ნაურთხი წყალი წაიღეთ სახლში, ასხურეთ, დალიეთ და არ მოგეკარებათ ავადმყოფობა, თუ გჯერათ; თუ არ გჯერათ, დაიჯერეთ!“ – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მსგავსი თემები