“ბატონი ელისაშვილი, როგორც აღმოჩნდა, არასანდო პარტნიორია” – სერგო ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ „მოქალაქეებთან“ და „გირჩთან“ ჩაშლილი მოლაპარაკებები ვერ შეცვლის ოპოზიციაში დღის წესრიგს.

„ვერ შეცვლის ოპოზიციაში იმას, რაზეც ერთიანები ვართ – საარჩევნო ბოიკოტზე და საარჩევნო საკითხებზე. „გირჩსა“ და „მოქალაქეებს“ თავიანთი დღის წესრიგი აქვთ, მათგან განსხვავებით, არავის თავს არ ვესხმით, არავის ეპითეტებით არ ვამკობთ, არანაირ ჭორებს არ ვიგონებთ. მათ თავიანთი გზა აირჩიეს, ეს ოპოზიციურ ერთობას ხელს არ უშლის. ეს არის ხუთი ადამიანი, აქეთ არის 50-55 ადამიანი, რომელთაც ერთიანი პოზიცია აქვთ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

სერგო ჩიხლაძემ შეხვედრის ჩაშლის მიზეზები განმარტა. მისი თქმით, მიიღეს სწორი გადაწყვეტილება.

„ჩვენ ვთქვით, რომ შეხვედრის წინააღმდეგი არ ვართ. შეხვედრები იმართება სხვადასხვა ფორმატში და ისიც ვახსენეთ, რომ ხან ეთერებში ვხვდებით, ხან სხვა პარტიის ოფისებში ვხვდებით. ამას რაღაც განსაკუთრებული დრამატულობა და სცენების დადგმა არ სჭირდება. ასევე ვთქვით, რომ ეს პროცესი უნდა იყოს საერთო ოპოზიციასთან შეთანხმებული. აქედან გამომდინარე, უპრიანი იქნებოდა, რომ მთლიან ოპოზიციას გვემსჯელა. რაზეც არ უნდა ვიმსჯელოთ, ერთი და ორი პარტია რაღაცაზე თუ შეთანხმდნენ, თუ ამაში ოპოზიციური კონსენსუსი არ იქნება, აზრი არ ექნება. ამიტომაც ვთქვით, შევიკრიბოთ ერთად, ისედაც იგეგმება ამ კვირაში შეხვედრა და აქ განვიხილოთ ყველა საკითხი. ეს იყო პოზიცია და ეს გავაჟღერეთ გუშინ. დღეს კიდევ უფრო დარწმუნებულები ვართ, რომ ეს შეხვედრა საჭირო არ იყო. ბატონი ელისაშვილი, როგორც აღმოჩნდა, არის არასანდო პარტნიორი და ყველა პირისპირ შეხვედრა შეიძლება, მან სხვანაირად თარგმნოს. როდესაც გაფართოებულ ფორმატშიც კი გამოდის და ისეთ ამბებს ყვება, რომელიც საერთოდ არ მომხდარა, პირისპირ შეხვედრაზე მეტი შანსია. აქედან გამომდინარე, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

ჟურნალისტების თქმით, საუბარი იყო, რომ მოლაპარაკებებს ხელს უშლიდა „ევროპული საქართველო“, კონკრეტულად ბოკერია, რაზეც სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ ეს ჭორია.

„მათი განწყობები ცნობილია, არავინ არავის თავზე არ ახვევდა. იქ ახლა ელისაშვილის გარდა, რომელიც ყველა შეხვედრას არც ესწრებოდა, წარმოდგენილი იყო შვიდი პარტიის ათობით ადამიანი. ყველა სხვა რამეს ვამტკიცებთ და ბატონი ელისაშვილი გამოდის და საერთოდ სხვა რაღაცას ყვება, ჭორებს იგონებს. მე არ ვეთანხმები. არავინ არ შლიდა, საიდან მოიგონეთ. ეს არის ბატონი ელისაშვილის აზრები, რომელსაც არ ვეთანხმები. მასე შეიძლება მოიგონოს, რომ მთვარეზე გამგზავრებას ვგეგმავთ ხვალ და ამაზე ვამტკიცოთ მერე, რომ არა, არ ვგეგმავთ. ხომ არ შეიძლება, დაგაბრალოს ადამიანმა, აქლემი ხარო და მერე ამტკიცო, რომ აქლემი არ ხარ. არ შევდივართ ამ პოლემიკაში და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ეს გადაწყვეტილება იყო სწორი“, – განაცხადა მან.

ამასთან, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რამდენად შეეფერება სიმართლეს გავრცელებული ცნობები, რომ გიორგი ვაშაძეს აშანტაჟებენ.

„სისულელეა, ამაზე სერიოზული კომენტარიც არ შეიძლება, გაკეთდეს. ჩვეულებრივი ორღობის ჭორიკნობაა. საერთოდ, ეს არის უღირსი საქციელი. მე და „სტრატეგია აღმაშენებელს“ გვინდა ღირსეული პოლიტიკის კეთება და ასეთ არც ჭორებს ავყვებით, არც პასუხს არ გავცემთ. ღირსეული ადამიანები შექმნიან ღირსეულ პოლიტიკას მდაბიო ადამიანები მდაბიო პოლიტიკას“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

მსგავსი თემები